ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე დაკავებულ 70 წლის მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. როგორც ბრალდების მხარე აცხადებდა, გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, გიორგი წიქარიძემ დანაშაულებრივი კავშირები შესაძლოა, მიმალვისთვის და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის გამოიყენოს.
ამასთან, აღნიშნულ შუამდგომლობას დაკავებულის ადვოკატი არ ეთანხმებოდა. როგორც სასამართლო პროცესზე მარინე ჯანიკაშვილმა განაცხადა, გიორგი წიქარიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს.