„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთან, ვინც მზად არის, კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს.
„ეს, შესაძლოა, ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი; ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთან, ვინც მზად არის, კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ივანიშვილმა.