„ცილისწამებასაც აქვს საზღვარი. შავი არ არის თეთრი. ორჯერ ორი არ არის ხუთი, ორჯერ ორი ოთხია", - ამის შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე რატი ბრეგაძე facebook-ზე წერს.
ბრეგაძე საკუთარ მეგობრებზე და მათ შორის შს მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეზე არჩილ თალაკვაძეზე წერს.
„მეამაყება ჩემი თითოეული მეგობარი და ბედნიერი ვარ, რომ ისინი სამაგალითონი არიან. მინდა, ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ მათგანზე, აჩიკო თალაკვაძეზე, რომელთანაც 15 წლის ახლო მეგობრობა მაკავშირებს. არაერთხელ ვმჯდარვარ აჩიკოს სამსახურებრივ მანქანაშიც და პირადად ვარ იმის მომსწრე, როგორ იცავს წესრიგს. გარდა ამისა, მე მის მიერ ადამიანების პატივისცემის და მათ უფლებებზე ზრუნვის გარდა, სხვა რამ არ მახსოვს. ის წესიერი, მეოჯახე კაცია და თავის საქმეს სრული მონდომებით, პირნათლად ემსახურება. ბევრი რამის თქმა შემიძლია მისი დადებითი ადამიანური და ვაჟკაცური თვისებების შესახებ, თუ ვინმეს დეტალებში დააინტერესებს. დააბრალო მას ის, რაც მის ბუნებასთან წინააღმდეგობაშია, იგივეა, თქვა, რომ დედამიწა ბრტყელია. მედიის თავისუფლება ცილისწამებას და „გავრცელებულ ინფორმაციაზე" ადამიანის დაუმსახურებელ შეურაცხყოფას არ გულისხმობს. ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვა მხოლოდ სახელმწიფოს მოვალეობა არ არის, ის ჩვენი მოვალეობაცაა.
P.S. აჩიკოს სამსახურებრივი მანქანა შავი ფერისაა, კადრში კი თეთრი მანქანა ჩანდა. თეთრი შავი არაა და ამას ვერავინ დაიჯერებს. საპნის ბუშტები სკდება და ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს", - წერს ბრეგაძე.
ცნობისთვის, „რუსთავი 2"-მა 31 მაისის 9-საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბაშიძის ქუჩაზე სუპერმარკეტთან მთვრალმა ახალგაზრდებმა ღამით გადაკეტეს ქუჩა და თითქოს ინციდენტში არჩილ თალაკვაძის „აუდის" მარკის თეთრი ავტომანქანა ფიგურირებს.
„მეგობრებო, ინციდენტთან, რომელზეც საუბარი იყო „რუსთავი 2"-ის სიუჟეტში, არავითარი კავშირი არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვაქვს. თეთრი „აუდიც" არ არის ჩემი და არასოდეს არ მყოლია. ჩემს მძღოლს, 50 წლის პროფესიონალს, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მემსახურება, კანონი არასოდეს დაურღვევია და არც ამ შემთხვევასთან აქვს რაიმე კავშირი.
ყოველთვის თავს ვიკავებდი რომელიმე მედიასაშუალების ლანძღვისგან და არც ახლა ვაპირებ, ლანძღვით ვუპასუხო ამ ტყუილს.
ამ ფაქტზე, რომელზეც რეაგირება მაშინვე მოახდინა პოლიციამ, ვრცელი განმარტება ჩვენმა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა და რატომღაც „რუსთავი 2"-მა ეს განცხადება არ გამოიყენა დღევანდელ სიუჟეტში", - წერს თალაკვაძე facebook-ზე.