logo_geo
eng_logo
მამუკა ჭელიძე: 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება
- +

24 ივნისი. 2019. 17:07

 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით, შეიძინა ძალადობრივი ხასიათი - აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები.

 

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას.

 

შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

 

ამ ეტაპზე, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა“, - განაცხადა ჭელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner