ქობულეთში მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, ტურისტული სეზონი ზღვისპირა ქალაქში ჩავარდა, რაშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ადანაშაულებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა განმარტებით, ოპოზიციის წევრებმა ვლადიმირ პუტინის პროვოცირება განაპირობეს და სწორედ ამის გამო აკრძალა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში საჰაერო მიმოსვლა.
შეკრებილები აცხადებენ, რომ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ქობულეთში რუსმა ტურისტებმა სასტუმროებში ასობით ჯავშანი გააუქმეს. აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ საბანკო დავალიანების მქონე პირებიც და დახმარება ითხოვეს.
ქობულეთში აქციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდნენ. მთავრობის წევრები აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების მოზიდვის უზრუნველყოფას დაჰპირდნენ და განუცხადეს, რომ ხელისუფლება კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს.