„აუცილებლად უნდა აგონ პასუხი მათ, ვისაც ადამიანებს ძნელად დავარქმევ და მათ, ვისი ადგილიც გმირი პოლიციელების გვერდით არ არის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა.
„სიძულვილის ენით ველაპარაკებით, არის ძალიან დიდი უარყოფითი მუხტი ხალხში და აი, ეს გზა არჩევნების, როდესაც თითოეული მოქალაქის ხმას მნიშვნელობა აქვს, ჩემი აზრით, არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ჩვენ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ, იმისათვის, რომ სამოქალაქო თანხმობას მივაღწიოთ, იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ მისი ხმა არ დაიკარგება და მოვიდეს არჩევნებზე. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მოვიდეს და დააფიქსიროს კიდეც, არის თუ არა საკმარისად პასუხისმგებლიანი „ქართული ოცნება“ და მისი მთავრობა. და ეს არის სწორედ ის, რასაც ხალხის ნება წყვეტს და არა ზოგიერთი დემაგოგების მოთხოვნა.
მაგრამ ამასთან ერთდ არსებობს პასუხისმგებლობა იმ ხალხის, ვინც... ხალხს ვერ დავარქმევ იმათ, იმ ტოქსიკური ძალის, იმ წამქეზებელი პოლიტიკოსების, რომელთაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ახალგაზრდები სპეციალური საშუალებებით აღჭურვილ პოლიციელებთან გაუშვეს და მარტო მიატოვეს. მიატოვეს და მათ სახეზე და სხეულზე ერთი ნაკაწრი არ მინახავს, მაგრამ სამაგიეროდ დასახიჩრდნენ ადამიანები, დაკარგეს თვალი, და ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ეს არის უბედურება. პირველ რიგში პასუხისგება ეკუთვნის იმათ, ვინც წააქეზა ეს ადამიანები, ვინც სახელმწიფო გადატრიალებისაკენ წაიყვანა და ვინც ეს ახალგაზრდები შეატოვა შეიარაღებულ პოლიციას. რამდენიმე საათიანი ორთაბრძოლის შემდეგ, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იქ, რა თქმა უნდა, იქნებოდნენ დაშავებულები, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იქ მოხდებოდა ისეთი პრობლემა, რომელსაც შემდეგ პოლიტიკურად გამოიყენებდნენ და კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ ამ ხელისუფლების უზურპირებას და ამის გარდა, აუცილებლად პასუხი უნდა აგონ მათ, ვისაც ადამიანებს ძნელად დავარქმევ და მათ, ვისი ადგილიც გმირი პოლიციელების გვერდით არ არის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.