საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, მადლობას გიხდით ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, გავხდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ვუხელმძღვანელო ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მუშაობას.
საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, ადამიანებს, საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს პირუთვნელად, შედეგიანად და გონივრულად ვემსახურო. ამაში მაქვს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერის იმედი. დასანანია, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოო შედეგად მოგვცა ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ახალგაზრდები და პოლიციელები არიან დაშავებულები.
ჩვენი ფიქრი და ყურადღება დღეს პირველ რიგში, სწორედ ამ ადამიანებს ეკუთვნით. ყველაფერი კეთდება და პარლამენტი ზედმიწევნით ყურადღებით იქნება, რომ მომავალშიც გაკეთდეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის, ვისი ჯანმრთელობაც დაზარალდა მიმდინარე მოვლენების ფონზე. ვინც, ალბათ, გადაიხადა ყველაზე მეტი ფასი მიმდინარე მოვლენების გამო და იმის გამო, რომ ოპოზიციიდან ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი აღმოჩნდა აგრესიული დღის წესრიგის წინა რიგებში.
მე მინდა, ასევე, გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა თითოეული ამ ადამიანის, მათი ოჯახების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ, ვინც დაშავდნენ ამ მოვლენების შედეგად. გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა და პატივისცემა ჟურნალისტების მიმართ, ვინც ასევე დაშავდნენ მოვლენების გაშუქების დროს. გამოვხატო ჩემი პატივისცემა პოლიციელების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის და სახელმწიფო ინტერესების, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მომენტში.
ჩვენ აუცილებლად უნდა შევაფასოთ მომხდარი. არ ვაპირებთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადავცეთ, ან არც გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს მოვთხოვოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვისაც ეს, ელემენტარულად, არ გააჩნია და მათ თუნდაც, დღევანდელ დღეს ვერ უზრუნველყვეს დებატებში მონაწილეობა, ვერ უზრუნველყვეს ის, რასაც საზოგადოება მათგან ელოდებოდა, როდესაც ირჩევდნენ.
ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ კი არ მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ თითქოს დღეს ვინმე აქ განიხილავს წყლის ან ტყის რესურსების ან სხვა რომელიმე საკითხს. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ დარჩენილიყვნენ დარბაზში და მონაწილეობა მიეღოთ ამ პოლიტიკურ დებატებში, სადაც ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის ამ ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს, მაგრამ ოპოზიციის ამ ნაწილმა აირჩია გზა, რომელიც არის მათი დღის წესრიგის ნაწილი.
ეს არის დესტრუქცია, ეს არის გაქცევა მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან და ეს არის იგნორირება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საქართველოს პარლამენტის. სამწუხაროდ, ეს ასეა, მაგრამ არჩევის შემდეგ, მე მაქსიმალურად ვეცდები, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ პროცესები და მათ შორის, ოპოზიცია, სრულად, დაბრუნდეს სამუშაო რეჟიმში და ჩვენ საქმიანი, მომავალზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა ვაკეთოთ პარლამენტში.
სანამ ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის დუმის არცერთი დეპუტატის ადგილი არ არის და არ იქნება საქართველოს პარლამენტში. სანამ ოკუპაცია გრძელდება, არცერთი კომპრომისი არ იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. მინდა, კიდევ ერთხელ შევაფასო ის, რაც მოხდა. ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი. პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა მყისიერი, ძალიან პრინციპული შეფასება და ჩვენი გუნდის ყველა ლიდერმა სათანადო შეფასება მისცა იმ პროვოკაციულ ჟესტს, რასაც ჰქონდა აქ ადგილი.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ პროვოკაციული სცენარის თავიდან აცილება და მისი პროგნოზირება, თუმცა, ამის გამო ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც და კონსტიტუციით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა, ჩვენმა თანაგუნდელმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, გუნდის პასუხისმგებლობა აიღო და დატოვა დაკავებული თანამდებობა.
ისევე, როგორც ჩვენმა კოლეგამ ზაქარია ქუცნაშვილმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა პარლამენტის წევრის მანდატი. ეს მოხდა 24 საათის განმავლობაში. როგორც რეაქციები, ასევე, კონფერენციის შეწყვეტა, ასევე, რუსეთის დეპუტატების მიერ საქართველოს დატოვება და შემდგომში ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის განხორციელება მოხდა 24 საათის განმავლობაში. შეაფასეთ, იყო თუ არა ეს დრო გონივრული, შეაფასეთ, არის თუ არა ეს პასუხისმგებლიანი ქცევა ჩვენი მხრიდან.
დიახ, არის. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებას ვაჩვენეთ მომხდარზე. რაც შეეხება პროტესტს, მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია, გარკვეულ მომენტში, ერთი კონკრეტული ჯგუფის, რომელიც გამოკვეთილი იყო იქ და ეს ჩანს მედიის მიერ გაშუქებულ მასალებშიც, შეეცადა ეს მშვიდობიანი მანიფესტაცია გადაეყვანა აგრესიაში.
დაიწყო შტურმი პოლიციელების კორდონზე და დაიწყო შტურმი საქართველოს პარლამენტზე. დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციელებმა, შეასრულეს თავისი მოვალეობა და მათ დაიცვეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ დაიცვეს საკონსტიტუციო ინსტიტუტი, მათ დაიცვეს მოქალაქეები და სწორედ პოლიციელები, ორი საათის განმავლობაში, თმენის რეჟიმში, უძლებდნენ იმ შტურმს და ფიზიკურ ძალადობას, რომელიც ჩვენ ვნახეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო კონკრეტული ჯგუფის დღის წესრიგი, რომელიც ჩანს ამ მედიის მიერ გაშუქებულ მასალებშიც.
ჩნდება ბევრი კითხვა და ამ კითხვებს უნდა უპასუხონ იმ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ვინც იყვნენ ამ მოვლენების წინა ხაზზე, ვინც იყვნენ შტურმის დროს იქ, ადგილზე და მათ მოუწევთ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა საზოგადოებისთვის. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება - საიდან გაჩნდა ქვიშით სავსე ბოთლები, ქვით სავსე ბოთლები, ვინ აორგანიზებდა ორი საათის განმავლობაში აგრესიულ შეტევას პოლიციის კორდონზე, რომელსაც საპასუხო რეაქცია არ გაუკეთებია ამ ორი საათის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ იცავდნენ პარლამენტის შენობას და მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ვინ მოუწოდებდა მათ პარლამენტში შეჭრისკენ, ვინ მოუწოდებდა მასიური არეულობისა და ძალადობისკენ? ამ შეკითხვებს პასუხები უნდა გაეცეს და გარწმუნებთ, რომ გაეცემა კიდეც. მესმის, მინდა, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მივმართო: არ ხართ თქვენ ის ოპოზიცია, ვინც რამეზე პასუხისმგებლობას აიღებს, იმიტომ, რომ ხელისუფლებაშიც როცა იყავით, მაშინაც არ იყავით ის პოლიტიკური ძალა, ვისაც პასუხისმგებლობის აღება შეგეძლოთ და დღეს ოპოზიციაში რომ რამე პასუხისმგებლობას გრძნობდეთ, ამის მოლოდინიც, რა თქმა უნდა, არავის არ გვაქვს.
მინდა, ვისარგებლო ჩემი გამოსვლით და მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგას, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მართლაც ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, ადამიანს, რომელმაც ორ წელზე მეტი დროის განმავლობაში უხელმძღვანელა ამ ინსტიტუტს და გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებები.
გთხოვთ ყველას, რომ მშვიდად, საქმიანად გავაგრძელოთ პარლამენტში მუშაობა. მინდა, გამოვეხმაურო ასევე, ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. მივიღეთ სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. ეს არის განსხვავება, ჩვენ პოლიტიკურ ძალასა და ამ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას შორის.
ისინი საზოგადოებას სთავაზობდნენ ნულოვან ტოლერანტობას ამ ტრიბუნიდან, ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ნულოვან ბარიერს პროპორციულ არჩევნებში. ჩვენ, თავის დროზე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების შესახებ. იქ, ჩვენ ჩავწერეთ 2024 წელი, მაგრამ ცხოვრება ბევრ რამეს აკორექტირებს, ამიტომ ჩვენ გვესმის საზოგადოების და ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვინც საზოგადოების დაკვეთას ასრულებს.
ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავატაროთ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. ვისაც არ მოსწონს ეს ინიციატივა და ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ უმცირესობაშია. მათ ეს არ მოსწონთ იმიტომ, რომ ისინი ხელოვნურად შექმნილ ექსკლუზივს კარგავენ ოპოზიციაში. ამ არჩევნების დროს არავის აღარ მოუწევს თავისი პოლიტიკური პლატფორმის დათმობა, არავის აღარ მოუწევს, რომ მიეკედლოს სხვა ოპოზიციურ ძალას, არავის აღარ მოუწევს, რომ დათმოს საკუთარი პოლიტიკური პარტია ან ფიქტიურად გაფორმდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფურცელზე. ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ექნება შანსი, რომ შეიყვანოს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში. მათ შორის, ჩვენს საზოგადოებას.
მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, ბიზნესმენებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მშობლებს, ახალგაზრდებს და ხანდაზმულ პენსიონერებს - ძვირფასო თანამოქალაქეებო, წესრიგი და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში იქნება განუხრელად დაცული. არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ძალადობრივი სცენარით რაიმე ცვლილებებს მიაღწიოს ქვეყანაში. ცვლილებები და გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში ხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მომავალშიც სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით.
მინდა, ასევე, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტთან ერთად, ჩვენი პოლიციელების ქმედებებს. რას ვხედავდით ჩვენ ამ დღეების განმავლობაში? პოლიციელები მოქალაქეებს აწვდიდნენ წყალს, პოლიციელები ითმენდნენ, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ ძალადობას, მათზე მიდიოდა შეტევა, მაგრამ, ბოლომდე პოლიციელები დარჩნენ მოქალაქეების, წესრიგის და უსაფრთხოების სადარაჯოზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეასრულა თავისი კანონისმიერი მოვალეობა და არ დაუშვა ერთის მხრივ, არეულობა, რომელსაც შეეძლო და მოიტანდა გაცილებით საზიანო შედეგებს და მეორეს მხრივ, არ დაუშვა ის, რომ ქვეყანაში პროცესები ძალადობრივი სცენარით განვითარებულიყო.
სამწუხაროდ ამაში ფასი, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო, ისევ ჩვენმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა და პოლიციელებმაც, მათ შორის, გადაიხადეს რომლებიც დაშავდნენ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, ჩვენ არავისზე არ ვაპირებთ ამ პასუხისმგებლობის გადაცემას და არავის არ ვთხოვთ ჩვენს ნაცვლად პასუხისმგებლობას. მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გავაკეთეთ რეაგირება, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ რეაგირების ფარგლებში პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პასუხი აგონ იმ ადამიანებმაც, ვინც ამ არეულობის წამქეზებლები და ორგანიზატორები იყვნენ და მე ამაში მაქვს თითოეული პარლამენტარის მხარდაჭერის იმედი.
რეალურად, იყო შეტევა პოლიციელებზე და ის რაც მოხდა შემდეგ, იყო პასუხი ამ ორ საათიან ძალადობრივ შეტევაზე, რომელიც კონკრეტულმა ერთმა ჯგუფმა, მაღალი ალბათობით, დააორგანიზა.
მე მინდა, ორი სიტყვით შევეხო ასევე ჩვენი ქვეყნის მომავალს. საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მსხვერპლი. ხაზგასმით მინდა ვუთხრა ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი. საქართველო გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობით, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და ნატო-ში გაწევრიანების გეგმით მოძრაობას. საქართველო გააგრძელებს მშვიდობის, დემოკრატიის და უსაფრთხოების კონსოლიდაციას. რამდენიც არ უნდა ეცადონ უპასუხისმგებლო ძალები, რომ ამას რამე საფრთხე დაემუქროს, ხელისუფლება და საზოგადოება არ დაუშვებს მოვლენების ასეთ განვითარებას.
ხვალიდან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უმნიშვნელოვანეს თემებზე. მივიღებთ კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის შესახებ. დავამტკიცებთ განათლების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეხებათ ზუსტად ამ ახალგაზრდებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დავამტკიცებთ ცვლილებებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ და გავაგრძელებთ სვლას უკეთესი, უფრო განვითარებული და მშვიდობიანი მომავლისაკენ.
ეს იქნება პარლამენტის დღის წესრიგი და მე კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ ყველა თქვენგანს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში, მშვიდი და საქმიანი პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, სამართლიანი პოლიტიკის ფარგლებში შევეცდებით, რომ ჩვენ ეს შედეგები განვახორციელოთ. მაქვს თქვენგანაც იგივე მოლოდინი და დასასრულ, მე მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ჩემს მაჟორიტარულ ოლქს, გურიას და გურულებს, რომელთა მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის და მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც“, - აღნიშნა თალაკვაძემ.