logo_geo
eng_logo
რევაზ სოხაძე: დღეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, იყო „ქართული ოცნების“ წევრი და შიგნიდან ეცადო, გამოასწორო შეცდომები
- +

25 ივნისი. 2019. 18:59

 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატებს ჯაბა ჯიშკარიანს და ვახტანგ შაქარიშვილს მიმართა. როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, რუსეთი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ზოგადად არის ის წითელი ხაზი, რომელზეც კომპრომისები დაუშვებელია და ეს მმართველი გუნდისთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ნათელია.

„ჩვენმა კოლეგებმა ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა ძალიან კარგად იციან, როდესაც პოლიციელი თვალში დამიზნებით ესვრის ადამიანს, ჩვენთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც მათთვის და ვერცერთი ხელისუფლების დროს ვერცერთ შემთხვევაში მე პირადად და ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამას ვერ გავამართლებთ. ჩვენ ვიქნებით ადამიანები, ვინც ყველაფერს გავაკეთებთ გუნდის შიგნით, რომ ვინც ეს ჩაიდინა, დაისაჯოს და ასეთი ფაქტი არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 

საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, ყველა ფასეულობა, რომელიც მმართველ გუნდს წლების განმავლობაში ჰქონდა, არ შეცვლილა და იგივე დარჩა. რევაზ სოხაძემ ჯიშკარიანი და შაქარიშვილი ამ მოვლენების „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, დღეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა,  იყო „ქართული ოცნების“ წევრი და შიგნიდან ეცადო, გამოასწორო შეცდომები, რომელიც ხელისუფლებამ აღიარა.

 

„თქვენ სულ რამდენიმე თვის წინ დატოვეთ „ქართული ოცნება“, ძალიან მიკვირს, რომ ასეთ  რადიკალურ ოპოზიციაში აღმოჩნდით. თქვენ ამ გუნდის წევრები იყავით წლების განმავლობაში. თქვენი მხრიდან ამ მოვლენების გამოყენება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არ არის სწორი. ამ სიტუაციაში მმართველ გუნდში ყოფნა უფრო პრინციპულია. ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა აღიარეს თავისი შეცდომები, რაც საქართველოში არ არის ჩვეულებრივი მოვლენა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 

საკრებულოს წევრის განცხადებით, საზოგადოება მოვლენებს ობიექტურად აფასებს და ის ფაქტი, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, მხოლოდ მისასალმებელია. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner