საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პრეზიდენტის შენიშვნები „საკონსტიტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტს, პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის კონსენსუსის შედეგია.
„ეს ვეტო არის სრულიად განსხვავებული იმ თვალსაზრისით, რომ ვიდრე პრეზიდენტი „საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ" ორგანულ კანონს ვეტოს დაადებდა, მანამდე ეს კანონი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა. თქვენ იცით, რა სერიოზული ხმაური მოჰყვა „საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ" კანონს, მათ შორის, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, ოპოზიციური პარტიებისგან და ა.შ. ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო 3 ძირითადი შენიშვნა, ხოლო დანარჩენზე - დადებითი რეცენზიები. ვენეციის კომისიის შენიშვნების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრემიერის ადმინისტრაციას და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შედგა კონსულტაციები და შენიშვნები, რომელსაც პრეზიდენტი აგზავნის პარლამენტში, არის ერთგვარი კონსესუსის შედეგი. ვეტოების ჯაჭვს თუ გადავხედავთ, ეს პირველად მოხდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის შენიშვნები შეჯერებული ვარიანტით მოდის. მე ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ვეტოს დაძლევის არავითარი აუცილებლობა და საჭიროება არ არის, იმიტომაც გაკეთდა ეს ყველაფერი რომ უფრო ლეგიტიმური იყოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ძიძიგური ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის ნაწილის შეფასებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გარიგება შედგა და გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სინამდვილეში გათვალისწინებული არ არის.
„ჩვენ რასაც ვეძახით, რომ მოხდა კონსენსუსი, შეთანხმება, შეჯერება - სხვამ შეიძლება ამას გარიგება დაარქვას. ეს შეფასების საკითხია და ვისაც როგორ სიამოვნებს, ისე იტყვის, მაგრამ მე გეტყვით, რომ ნამდვილად იყო შემხვედრი ნაბიჯები პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერის ადმინისტრაციის მხრიდან", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.