„ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი, ბევრი გაგებით უნიკალური და ტურისტული მიზიდულობის ცენტრი“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, ეს იზიდავს როგორც ევროპელ ტურისტს, ასევე აზიიდან მომავალ ტურისტს და რუს ტურისტს.
„ეს დღეები ძალიან ინტენსიური შეხვედრები მაქვს ტურისტულ ინდუსტრიასთან, მცირე სასტუმროებთან, საოჯახო სასტუმროებთან. ვხედავ, რეალურად რა პრობლემის წინაშე დადგა ქართული ტურისტული ინდუსტრია. აქედან გამომდინარე, მივყვებით ბიზნესის მოთხოვნებს, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი საქართველოს ბაზარზე, რადგან საქართველოს ბაზარზე ჩამოდიან 50-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტები, არც ერთ მიმართულებას არ აქვს დომინირებადი როლი, თუმცა, რუსეთს უჭირავს საკმაოდ მაღალი წილი, ეს არის 25 პროცენტი ჩვენი ბაზრის. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობაა და ჩვენ ვეხმარებით ქართულ ბიზნესს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, აქცენტი არის ევროპაზე, მაგრამ ასევე ტრადიციული ბაზრის შენარჩუნებაც პრიორიტეტია.
რაც შეეხება რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვების გამო შესაძლო დანაკარგებს ქართული ტურისტული სექტორისთვის, მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ნეგატიურ ზემოქმედების შერბილებაზე, თუმცა გამოწვევა დიდია.
„წინასწარი გათვლები დანაკარგებზე თავად ტუროპერატორებმა წარმოგვიდგინეს და ვენდობით მათ გათვლებს, რადგან ბიზნესმა უკეთ იცის, რასთან აქვს საქმე. საუბარია იმაზე, რომ წლის ბოლომდე მოლოდინი იყო ერთ მილიონამდე რუს ტურისტზე, რაც არის დაახლოებით 750 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული შემოსავალია, სერიოზული ფაქტორია. იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით შევძლებთ და შევარბილებთ ნეგატიურ ზემოქმედებას, ამაზე ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დანაკარგი შემცირდეს, თუმცა არ დაგიმალავთ, რომ გამოწვევა დიდია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა დროებით აკრძალა. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.