„არ შეიძლება, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა წინასწარ გასცეს პასუხი, თანხმობას მივცემ თუ არა მელიას მანდატის დატოვებაზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გასცემს თუ არა პირადად თანხმობას დეპუტატ ნიკა მელიასათვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების თაობაზე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აპირებს, ყურადღებით მოისმინოს და განიხილოს ეს საქმე და ისე გადაწყვიტოს.
„მე ჯერ ჩემს კითხვებზე პროკურატურისგან პასუხები არ მომისმენია. დამატებით კითხვებზე პასუხები გვჭირდება, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. გვჭირდება არგუმენტები, რადგან საუბარია დეპუტატზე და მის დაპატიმრებაზე. ასე მარტივად თანხმობის გაცემა, პრეცედენტის დაშვებაც არ შეიძლება, რაც არ უნდა არ მომწონდეს ნიკა მელია. ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავიც არ აქვს ამ ხალხს, არც მას, არც მის თანაგუნდელებს და არც სააკაშვილს, იქიდან რომ კივის და წივის, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ სწორად მოვიქცეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.