საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით მისთვის პარტიაში დარჩენაზე არც უარი უთქვამთ, არც თანხმობა და ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ელოდება.
„ჩემი შინაგანი გადაწყვეტილებაც იყო, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდებოდა და მე გავწევრიანდი, ვიბრძოლე. ყოველთვის ვამბობდი, რომ კოჰაბიტაცია არის ჩვენი ხარაკირი, უპიარობა არის ჩვენი ხარაკირი და ამის შედეგებიც გვაქვს. მე მიმძიმს ჩემი გუნდის დატოვება, მინდა, აქ დავრჩე და არ დავუთმო ისეთ ადამიანებს, რომლებიც მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობის" ქება-დიდებით არიან დაკავებულები.
მინდა დავრჩე, მაგრამ თუ მეტყვიან - არ არის აქ შენი ადგილი, პატარა ბიჭივით არ გავნაწყენდები და ჩემს ადგილს მოვძებნი. არც განათლება მაკლია, არც თავშეკავება", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
მისივე თქმით, როდესაც მისი გამოსვლები იყო ხისტი, ის ამით მოსახლეობის ერთი ნაწილის მოთხოვნებს აჟღერებდა.
„როდესაც ვიყავი ძალიან აქტიური და ხისტი, სხვათაშორის ბატონმა ბიძინამაც მითხრა, ცოტა ხისტი იყავიო, ხისტი თუ ვიყავი, ჩვენი მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნას, მათ პოზიციას ვახმოვანებდი და არ მინდოდა, ეს ელექტორატი დამეკარგა „ქართული ოცნებისთვის". ისინი ნაწამები, ნაცემი და ქონებაწართმეული ხალხია და ჩვენგან ითხოვდნენ, არ ვყოფილიყავით კოჰაბიტირებული და დედაატირებულნი. ეს იყო მათი მოთხოვნა და მე მათ აზრს ვახმოვანებდი. მე არ მეშლება, როგორ ვიყო დიპლომატიური, წყნარი და მშვიდი. თუ საჭირო იქნება, ტონსაც დავუწევ, მაგრამ უნდა მითხრან გუნდში, აი, ომარ, ცოტა შეანელე, მაშინ ასე იყო საჭირო, ახლა ასეა.
მე ვიყავი აქტიური. მე არ ვარ მაჩანჩალა. ენების ცოდნაზე თუ არის ლაპარაკი, საყველპურო ინგლისური ვიცი, მაგრამ ვიცი სხვა ენები, რუსული, გერმანული. ჯერჯერობით, უარსაც ვერ მეუბნებიან და არც ჰოს. გულიც არ მომდის", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში შეხვდება ბიძინა ივანიშვილს და გიორგი კვირიკაშვილს.
„სადაც მეტყვიან, ვიყო, იქ ვიქნები", - განაცხადა ნიშნიანიძემ.
მისი თქმით, თუ „ქართული ოცნებიდან" წავა, მაშინ მას საზოგადოება თამაზ მეჭიაურის გუნდში იხილავს.