logo_geo
eng_logo
ნოდარ ნიკოლაიშვილი: რომელ კომპანიას ვანდობ ჩემს უფლებებს, ჩემი გადასაწყვეტია
- +

26 ივნისი. 2019. 16:24

 

კომპოზიტორი ნოდარ ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ავტორთა უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია, თუმცა, სიტუაცია ამ მხრივ თუ გაუმჯობესდება, მოხარული იქნება. იგი საკმაოდ დიდი ხანი იყო საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი, რომელსაც გიგა კობალაძის ხელმძღვანელობს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო მან დატოვა აღნიშნული კომპანია და დღეს კომპანია „GERA“-ს წევრია

 

ნოდარ ნიკოლაიშვილი: რის ან ვისი უფლებაა დაცული საქართველოში, რომ ავტორთა უფლებები იყოს საფუძვლიანად და ხარისხიანად  დაცული? ვიყავი კომპანიაში გაწევრიანებული, რომელსაც ბატონი გიგა კობალაძე ხელმძღვანელობდა, მეტ-ნაკლებად ვიყავი კმაყოფილი. რაც შეეძლო, აკეთებდა ის ბიჭი, კარგად თუ ცუდად, სხვა ალტერნატივა მაინც არ იყო და ვიყავით ყველა ასე.

 

-  ბაზარზე ალტერნატიულო კომპანიის შემოსვლას საკმაოდ აგრესიულად შეხვდა კობალაძის ორგანიზაცია...

 

- ძალიან ცუდი ფაქტია, არადა, არ ვართ ის ერი, სიახლეებს რომ  ვერ შევეგუოთ. ძალიან ცუდია, როდესაც ამ თემაში რუსეთს და ოკუპაციას რევენ. არსებობს ბრძოლა, მაგრამ მეთოდებიც ხომ სწორად უნდა შეირჩეს? ჩემს სიმღერას რუსეთშიც უსმენენ, ევროპაშიც და ამერიკაშიც, ვალდებულები არიან, მე, როგორც კომპოზიტორს,  ჰონორარი გადამიხადონ, თორემ რუსეთი რომ ოკუპანტია, ჩემმა თაობამ ყველაზე კარგად იცის და საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი.

 

- თქვენც დატოვეთ კობალაძის ორგანიზაცია?

 

- დიახ, დავტოვე, დღე ვარ ახალი კომპანია „GERA“-ს წევრი, ჩემი საავტორო უფლებები ვანდე მათ. ჯერ ერთი, ახალი კომპანიაა, საკმაოდ ძლიერ ნაბიჯებს დგამს ბაზარზე, აქვს რამდენიმე ისეთი მომხიბვლელი ხელშეკრულება, რომელმაც დამაინტერესა. მეტი რესურსი აქვთ და მომწონს მათი გეგმები, უფრო გამჭვირვალე, გაცილებით ხარისხიანად შეუძლია იმ საქმის კეთება, რასაც ავტორთა უფლებების დაცვა ჰქვია, თან ჩემი სამეგობროა და საქართველოში, ხომ იცით, როგორც ხდება.

 

- ვიდეორგოლში „არა ინტელექტის ოკუპაცია“ თუ შემოგთავაზეს მონაწილეობის მიღება?

 

- არა, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, იშვიათად მეძახიან მსგავს სიტუაციაში, გიგამაც, ეტყობა, გაითვალისწინა და აღარ შემაწუხა.

 

- ხელშეკრულების შეწყვეტის გამო პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?

 

­ - რა პრობლემები უნდა შემქმნოდა. გიგა კობალაძისგან ბევრი სიკეთე მახსოვს, ასე ერთი ხელის მოსმით ვერ გადავუსვამ ყველაფერს ხაზს. წარმატებებს ვუსურვებ გიგას თავის საქმეში. მე კი, რომელ კომპანიას ვანდობ ჩემს უფლებებს, ჩემი გადასაწყვეტია, საბედნიეროდ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner