logo_geo
eng_logo
„პროკურატურა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობას, რადგან სხვა საქმეზე გამოყენებული გირაო არაეფექტური აღმოჩნდა“
- +

26 ივნისი. 2019. 17:49

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე განმარტება გააკეთა.

 

ამირან გულუაშვილის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიებების საკითხების განხილვის დროს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, მთლიანობაში იყოს წარმოდგენილი, ანუ აღკვეთის ღონისძიების შეფასების დროს სასამართლო, ისევე როგორც პროკურატურა, არ ხელმძღვანელობს მხოლოდ ერთი, რომელიმე კონკრეტული გარემოების ან არგუმენტის არსებობით.

 

„მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არ ვამბობთ იმ გარემოებას, რომ ვინაიდან ნიკანორ მელიას გადაკვეთილი აქვს საზღვარი 24-ჯერ და 6-ჯერ დიპლომატიური პასპორტით, ეს გარემოება საკმარისია იმისთვის, რომ ვივარაუდოთ მისი მხრიდან მიმალვის საფრთხის არსებობა. ამგვარი რამ წინადადებაში არ წერია. პირიქით, წინადადებაში წერია, რომ გარემოებები ყველაფერი ერთად კუმულაციურად უნდა იქნეს შეფასებული, მათ შორის საფრთხე, რომელიც რეალიზებულია უკვე, ფაქტია, რომ მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული ჰქონდა გირაო. აღინიშნა, რომ იმ საქმეზე არ შეეფარდაო პატიმრობაო, ესე იგი, იქ არ იყო ზემოქმედების საფრთხე მოწმეებზე, მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის საფრთხე და ა.შ.“ - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

 

მისი თქმით, პროკურატურა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობას, რადგან მის მიმართ სხვა საქმეზე გამოყენებული გირაო არაეფექტური აღმოჩნდა, ერთ-ერთი ასეთი საფრთხე კი არის ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რაც დღეის მდგომარეობით სახეზეა და შესაბამისად ბრალდების მხარემ სხვა გარემოებებთან ერთად სწორედ ეს გაითვალისწინა.

 

„გირაო, რომელიც რეალურად  გამოყენებული იყო ამ ადამიანის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღმოჩნდა არაეფექტური, ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა, რის გამოც ერთადერთი ალტერნატივა მოცემულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით, არის  პატიმრობა“, - აღნიშნა პროკურორმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner