ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციურ პარტიებზე და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ჟორჟოლიანის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციებს განახორციელებს, მაგრამ არჩევნები ჩაივლის სტაბილურად და ობიექტურად.
ჟორჟოლიანმა ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ მიაჩნია მთავარ ოპოზიციურ ძალად და საერთოდ, ამ ტერმინის მნიშვნელობა არ ესმის.
„ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნოდ პროვოკაციებს განახორციელებს. ჩვენი მომხრეები არ უნდა აჰყვნენ ამ პროვოკაციებს. ჩვენ ძალადობით ვერაფრის დამტკიცებას ვერ შევძლებთ და ვერც გამარჯვებას. მგონია, ჩვენი მომხრეები, მიუხედავად იმისა, რომ რთულია ზღვარსგადასული თავხედობის ატანა, მოახერხებენ არჩევნების ჩატარებას სტაბილურ, სამართლიან, ობიექტურ, გამჭვირვალე ვითარებაში.
არ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა. საერთოდ, არ მესმის ეს ტერმინი. როგორ დალაგდება ოპოზიცია და უმრავლესობა, ამას არჩევნები გვაჩვენებს. ერთადერთი, რაც დღეს ნათელია, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას" კონკურენტი არ ჰყავს", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.