ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო.
სხდომის გადადების მიზეზი ბრალდებულ გიორგი მერებაშვილის ადვოკატის სასამართლოზე არგამოცხადება გახდა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, ეს არ არის პირველი შემთხვევა ადვოკატის მხრიდან. მოსამართლის თქმით, ადვოკატი სასამართლო პროცესს აჭიანურებს.
ამასთან, ადვოკატს სასამართლოზე არმისვლის მიზეზებზე ცნობა არც დღეს წარუდგენია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სახელმწიფოს ხარჯზე დამცველი დაენიშნა.
დღეს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს, თუმცა მოსამართლემ რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი ისევ პატიმრობაში დატოვა.
მომდევნო სხდომა 1 ივლისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადება. გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.