logo_geo
eng_logo
პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
- +

27 ივნისი. 2019. 15:31

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას მიმართ სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

 

პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით, ნიკა მელიას მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, რომელიც უალტერნატივოდ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე პროკურორმა განმარტა, რომ მელიამ შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, ასევე მტკიცებულებების განადგურება მოხდეს.

 

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

 

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.

 

„პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, პატიმრები ციხეში მიდიან და გამოდიან, მთავარია, ამ პროცესში ჩართულმა მხარეებმა საკუთარი მისიის შესრულება ღირსეულად შეძლონ. მაქვს განცდა, რომ ქვეყნისთვის გარდამტეხი პერიოდია და ისტორიის ახალი ფურცელი იწერება ამ დარბაზში. იურისტებმა კანონს პატივი უნდა ვცეთ და შევძლოთ ვიღაცის პოლიტიკურ შეხედულებაზე მაღლა დავდგეთ.

 

მოგეხსენებათ, ნიკანორ მელია 7 წელია ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და მას არასდროს შეუშლია ხელი საქმისთვის, არც ერთი სხდომა არ გაუცდენია. მას არასდროს არც ერთ მოწმეებზე ზემოქმედება არ მოუხდენია", - განაცხადა კონდახიშვილმა.

 

მან სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. კონდახიშვილმა სასამართლოში ასევე წარადგინა პარლამენტის წევრების წერილი თავდებობის შესახებ.

 

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner