ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ლარის გაცვლითი კურსი არარეალურად მაღალია.
კაკაურიძე ამ მხრივ არსებულ ვითარებას ქვეყანაში შექმნილ მოლოდინებს უკავშირებს.
„ეროვნული ვალუტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული მოლოდინები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ის მოლოდინები შექმნა, რაც კურსის გაუფასურებას გამოიწვევდა, ეს იქნება ტურისტების ნაკლებობა, თუ სხვა ფაქტორები. ეს მოლოდინები სავალუტო კურსზე აისახა და დღეს ლარის გაცვლითი კურსი არარეალურად მაღალია. მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ამხელა კურსი არ უნდა იყოს. პირველი კვარტლის ანგარიში გამოქვეყნდა, გასულ წელთან შედარებით დეფიციტი გაუმჯობესებულია და ეკონომიკური ფაქტორები იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ ლარი ამ დონეზე იყოს გაუფასურებული. მოლოდინებმა ის განცდა შექმნა, რომ ლარი გაუფასურდებოდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, რთულია ამ ეტაპზე პროგნოზი ტური ტურისტების შემცირების გამო, რამდენი პროცენტით შემცირდება შემოსავლები.
„რაც შეეხება რუს ტურისტებს, მათ დიდი წილი ჰქონდათ ტურიზმის სექტორში და იმის პროგნოზი, რამდენი პროცენტით შემცირდება შემოსავლები, რთული იქნება. დღეის მდგომარეობით, მთავრობას აქვს კომუნიკაცია ტურიზმის სექტორთან. დახმარება იქნება იმ თვალსაზრისით, რომ გადანაცვლება მოხდეს, კერძო სექტორი უფრო მეტად გააქტიურდეს და სხვა ტურისტებზე მეტი აქცენტის გაკეთდეს. რამდენად შეიცვლება ტურისტების ერთი წყარო მეორე წყაროთი, ამის პროგნოზი რთულია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.