„ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების დამოუკიდებელმა რგოლმა მიიღო“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე. კილაძის შეფასებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია.
„სასამართლომ იმსჯელა ბატონ მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ, ხელისუფლების დამოუკიდებელმა რგოლმა მიიღო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შემთხვევაში მას პატივს ვცემთ.
ჩვენთვის მთავარი იყო, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის ჩვენი ოპონენტების, ყოფილიყო სრულად დაცული. მე მგონია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სწორედ მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებები დაცულია“, - განაცხადა კილაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ მიიღო.