logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე: პრაქტიკულად, ეს არის შინაპატიმრობა
- +

27 ივნისი. 2019. 18:05

 

 

„პრაქტიკულად, ეს არის შინაპატიმრობა, ნიკა მელიას პროკურორის ნებართვის გარეშე  სახლიდან გასვლა არ შეეძლება“, - ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, სასამართლომ  ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა, არჩია, რომ ნიკა მელია არ გავიდეს სახლიდან, თუ პროკურორი და გამომძიებელი ამის უფლებას არ დართავს.

 

„შინაპატიმრობა, როგორც ასეთი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში  აღარ არსებობს, მაგრამ შინაპატიმრობის მიზნებიდან გამომდინარე ეს იყო აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც თავისი პოზიტიური შედეგები გამოძიების ინტერესებთან მიმართებაში ჰქონდა. როდესაც გაუქმდა შინაპატიმრობა, ამ დროს იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა არსებობდეს  ჩანაწერი,  რომელიც მსგავს მიზნებთან დაკავშირებით იქნება  რელევანტური, ანუ საუბარია იმაზე, რომ შინაპატიმრობა, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ გირაოს შეფარდებით სასამართლოს აქვს საშუალება, დაუწესოს ქცევის ისეთი წესები, რომელიც  მსგავსი არის შინაპატიმრობის - შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და  ეს საშუალება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში,   როდესაც ამის ნებართვას პროცესის მწარმოებელი ორგანო მისცემს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიკა მელიას არ შეეძლება სახლიდან გასვლა, თუ ამის ნებას არ დართავს პროკურორი ანუ პრაქტიკულად ეს არის შინაპატიმრობა, თუმცა,  ასეთი  აღმკვეთი ღონისძიება  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში  არ არსებობს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

როგორც ფრაქცია ,, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, სასამართლო  თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და ჩვენ მივიღეთ სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო თავისუფალია.

 

„გუშინ ჩვენ ვამბობდით და აღვნიშნავდით, ეს იყო თანხმობა, შუამდგომლობით მიემართა საქართველოს პროკურატურას სასამართლოსათვის. ჩვენ ამის თანხმობა გავეცით. საქართველოს პარლამენტი არავის არ იჭერს. ვერასდროს ვერავის დაიჭერს და არ დაიჭერს და პატიმრობას ვერ შეუფარდებს. ამასაც ხაზგასმით ვიმეორებდით - ეს არის სასამართლოს საქმე და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ისე, როგორც გადაწყვიტა ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში გადაწყვეტს. ის არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო თავისუფალია. იმაშიც ხომ დავრწმუნდით, რომ თურმე პატიმრობას არ ითვალისწინებდა ჩვენი ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გამოვიტანეთ, რაზეც მთელი დღე სპეკულაციები მიდიოდა.

 

ისინი იყვნენ მოწოდებული, რომ უნდა მოეტყუებინათ ქართველი საზოგადოება, მაგრამ დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა მოუხსნა იმუნიტეტი, ანუ მისცა საქართველოს მთავარ პროკურატურას იმის საშუალება, მიემართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოსათვის - ეს აპრიორში არ ნიშნავდა პატიმრობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner