სლოვაკეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ, ეროვნული პარლამენტის სპიკერმა ანდრეი დანკომ და პრემიერმა პეტერ პელეგრინიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დაადასტურეს რესპუბლიკის ორიენტაცია საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირისა და NATO-სკენ.
დოკუმენტზე ხელის მოწერა საზეიმო ვითარებაში გაიმართა და ის რამდენიმე ტელეარხით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
„ძალიან მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სლოვაკეთს საგარეო პოლიტიკურ საქმეებში ერთიანი მიდგომა ჰქონდეს. არ უნდა იყოს ეჭვი, თუ საით არის მიმართული ჩვენი საგარეო პოლიტიკა და პრიორიტეტები. სლოვაკეთის ინტერესებშია, რომ ჩვენ სახლშიც და უცხოეთშიც ვლაპარაკობდეთ ერთიანი და ყველასთვის გასაგები ენით“, - განაცხადა ჩაპუტოვამ.