logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელს 80 წელი უსრულდება!
- +

1 ივნისი. 2016. 15:03


იუბილეს გილოცავთ, ბატონო რეზო!

გუშინ, 2015 წლის 31 მაისს, ქართველმა საზოგადოებრიობამ რუსთაველის თეატრში რუსთაველის პრემიის ლაურეატის რეზო ამაშუკელის 80 წლის იუბილე აღნიშნა.

შეხვდა თავის პოეტს, რომლის პოეზია აღმატებული ეპითეტებითაა შემკული არაერთგზის. დიდებულია და იმიტომ.

მაგრამ საქართველოში პოეტი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ პოეტი: ზეცის მიერ არის დანიშნული, ერის მიერ გამოზრდილი შემოქმედი, მამულიშვილი და წინამძღოლი.

საქართველოს მეობისა და თავმოყვარეობისთვის გამართულ ბრძოლაში სრულად შესული თავისი ორლესური სტრიქონებით და ბრწყინვალე მეტაფორებით.

ამბოხებულია და უკომპრომისო, ამასთან, თავმდაბალი და სიკეთისთვის გულგახსნილი:

...ოქროს მჭედელმა ანბანის

თქვა

რაც არ უთქვამს ბარე ორს!..

მეც, მისი ფეხის ნაბანი,

`შენს მიწას მიმაბარეო~...

ფეხის დაბანა მოყვასისთვის _ თავმდაბლობის უმაღლესი ნიშანი.

მაგრამ იცის თავისი შემოქმედების ფასი, განუმეორებლის, აღმატებულის და `სასწაულმოქმედიც~ კი, როცა ჩვეულებრივი სასკოლო ცარცი (რომელსაც ახლა აღარ იყენებენ, მგონი) ამაშუკელის `ალქიმიურ ლაბორატორიაში~ პოეტურ მარგალიტად გარდაიქმნება:

ბურთივით გაღუნულა ნებიერი კატა,

ნაზი ხელები ალერსს არ აკლებენ...

თოვლმა სახურავს ცარცით დაახატა

პატარა, თბილი ვარსკვლავები.

კონტრასტების პოეტია, კონტრასტული სახეების, და ამით არის არნახულად მრავალფეროვანი:

ძაფით დაბმული სახურავზე

ყვითელი ბუშტი _

ირწევა მთვარე...


ხელს გაუწვდი და უბეში ჩაგიგორდება ეს ციური სათამაშო ღამის.

ყოველთვის მოულოდნელია მისი შედარებები, მოულოდნელი და საოცრად ზუსტი:

თვალმარგალიტი

დახლზე დაყრილი,

ხან-ალ-ხალილის ბაზრის ყაყანი,

მოგონებაში ჩამრჩა გაჩრილი,

როგორც თურქული იატაგანი.


ან ეს შავი მარგალიტი:

გათენებამდე

კიდევ ადრეა,

ღამე დახრილი შავი ჩადრია,

სივრცეს გაჰყურებს

მთვარის საყურე

და თვლემს ბებერი ალექსანდრია.

ან ეს ბრწყინვალე მოგონება ბაკურიანის, როგორც გამქრალი ოცნების სურათის რესტავრაცია:

...მზე დაკრიახობს თოვლში

მამალი ხოხბის ფრთებით...

_ და ჩანს ორთქლმავლის ბოლში

გადათოვლილი მთები.

და ისევ კვამლი და ბოლი, ოღონდ ახალი ჰიპოსტასით:

ფერდობებს მჭვირვალ საკმეველს აკმევს

აყვავებული ხეხილის კვამლი.

გაზაფხულის მრავალფეროვნებით გაფერადებული მრავალწახნაგობა სტროფის, როგორც ყოველთვის _ მოულოდნელი და წარმოუდგენელი:

ერთად აყვავდა

ყველა ფსალმუნი,

რაც მწუხარებით მქონდა აცრილი...

ატმის ალმურით,

მზის სალამურით,

უახლოვდება თბილისს აპრილი!

ესეც ურბანისტულ `ქვათა ღაღადში~ შემოჭრილი მეორედ მოსვლა. დაბადება, როგორც მამალივით აყივლებული კაშკაშა მზე და... ჩვენი მეგობარი ნაპოლეონი:

არიტმიით პარპალებს

ლამპა ნეონის,

მამალივით ყივის

კაშკაშა მზე...

გვერდით მომყვება

ნაპოლეონი _

_ ჩვენი ნაპოლეონ ქარქაშაძე!..


მოსკოვში კი პუანტებზე შემდგარ ბალერინასავით მოდის აპრილი:

ბროლის ჭაღივით

ჰკიდია წვიმა

აწკრიალებულ ქარში დახრილი,

და როგორც `დიდი თეატრის~ პრიმა

გორკის ქუჩაზე

მიდის აპრილი!..

`საქართველო და მსოფლიოს~ რედაქცია დიდი სიყვარულით, გულწრფელად გილოცავთ შესანიშნავ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ!

მრავალჟამიერ, ბატონო რეზო!


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner