„არანაირ გარიგებაზე საუბარი არ არის", - ასე ეხმაურება მანანა კობახიძე არასამთავრობო სექტორის განცხადებებს, რომლის თანახმადაც, მთავრობას, პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით გარიგება შედგა.
„ყველგან შეთქმულების თეორიებს ეძებთ - არ ვიცი, თქვენ თუ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები. ის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო დიალოგს მართავს და გარკვეულწილად აჯერებს პოზიციებს, ნორმალური, დემოკრატიული პროცესია. საბოლოო ჯამში როგორი შენიშვნები წარმოადგინა პრეზიდენტმა, ეს არის მისი უფლებამოსილება, შესაბამისად, ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, რაც არის წარმოდგენილი. შესაძლოა, ვენეციის კომისიის ჩანაწერი სიტყვასიტყვით არ იყოს გაზიარებული, მაგრამ 11 შენიშვნიდან 10 სრულად არის გაზიარებული, ერთი კი - ნაწილობრივ. მე ვფიქრობ, ვენეციის კომისია ცვლილებების მიმართ პოზიტიურად იქნება განწყობილი და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის თანამშრომლობა შეფასდება როგორც დადებითი მხარე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.