logo_geo
eng_logo
გამზარდია: ილიაუნის დე-ფაქტო რექტორი ზურაბ ჭიაბერაშვილია
- +

26 თებერვალი. 2016. 17:24



საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტის უკვე ყოფილი ლექტორი არჩილ გამზარდია ამტკიცებს, რომ ილიაუნში პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას აქვს ადგილი. დარწმუნებულია, რომ სამსახური, რომელშიც 9 წლის განმავლობაში მუშაობდა, ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის გამო დაკარგა. ამბობს, რომ ილიაუნის ადმინისტრაცია „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული და ყველაფერს ზურაბ ჭიაბერაშვილი მართავს.


ამ ყველაფერს, გამზარდიას თქმით, ისიც ემატება, რომ ადმინისტრაცია ასობით სტუდენტს დეკანოზ თეოდორე გიგნაძის საჯარო ლექციის წასაკითხად მოწვევაზე უარს ეუბნება. იგი დარწმუნებულია, რომ უარის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ თეოდორე გიგნაძე სასულიერო პირია.


არჩილ გამზარდია: პოლიტიკურ დევნაზე მხოლოდ იმის გამო არ ვსაუბრობ, რომ მე გამათავისუფლეს - ამას დიდი ხანია ვამბობ. ილიაუნში ბოლო ერთი წელია, შიდა სიტუაცია ძალიან შეიცვალა. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მეტად გააქტიურდნენ. ყველაფერს პრაქტიკულად ზურაბ ჭიაბერაშვილი მართავს, რომელსაც მე იუმორით „დე-ფაქტო რექტორს" ვეძახი. ანუ, არაფორმალურ მმართველობასთან გვაქვს საქმე. ერევა ხარისხის სამსახურში, პრაქტიკულად, ის წყვეტს, თუ ვინ უნდა იმუშაოს, რამდენი საათი და ა.შ.


უარყოფითისკენ განსაკუთრებით ორი მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, პოლიტიკური დევნა დაიწყო, რაც ჩემთან მიმართებაში გამოვლინდა. ჩემს მიმართ სიტუაცია შემოდგომიდან შეიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ იმ მომენტში „ჯი-დი-ეს"-ზე გადაცემა „20/30" მიმყავდა. არაოფიციალური საუბრებიდან ვიცი, რომ ჩემი გაშვება ჭიაბერაშვილმა მოითხოვა. რა თქმა უნდა, ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ვიცი.


გარდა ამისა, რელიგიური სახის შესაძლო დისკრიმინაცია გვაქვს სახეზე, რასაც ილიაუნის მისამართით ბოლო ხანებში მნიშვნელოვანი ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. საქმე ის იყო, რომ ასობით სტუდენტმა მოითხოვა დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მოწვევა, რათა მას საჯარო ლექცია ჩაეტარებინა. ასეთი შეხვედრები იქ ხშირად ტარდება. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მოდიან და საჯარო ლექციებს ატარებენ. ამაში მხოლოდ აკადემიური და სასწავლო შეხვედრები არ იგულისხმება.


მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებმა ასობით ხელმოწერა შეაგროვეს, ადმინისტრაციამ აუდიტორია არ გამოყო. მათი არგუმენტი ის იყო, რომ ეს შეხვედრა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული არაა. თუმცა ცოტა ხნის წინ საჯარო ლექციაზე ნანუკა ჟორჟოლიანი იყო მოწვეული და სასწავლო პროცესთან შეხება არც მის ლექციას ჰქონია.


უარის თქმის რეალური მიზეზი, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ სასულიერო პირთან გვქონდა საქმე და ახალგაზრდების დიდი რაოდენობა ითხოვდა მართლმადიდებელ მღვდელთან შეხვედრას.


წინა რექტორის დროს (გიგი თევზაძე - რედ.) სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ეს ძალიან ნორმალური პროცესი იყო. მას ასეთი მიდგომა ჰქონდა, სასწავლო პროცესი არ უნდა იყოს იდეოლოგიზებული, მაგრამ მეორე მხრივ, ყველასთვის გახსნილი უნდა იყოს. ეს ძალიან სწორია.

 

- რა მოიმოქმედეს საპასუხოდ სტუდენტებმა?


-ამ ყველაფერს სტუდენტების აღშფოთება მოჰყვა. შემდგომ სახალხო დამცველის აპარატმა გააკეთა განცხადება, რომ მათ შემთხვევა შეისწავლეს და ეს რელიგიურ დისკრიმინაციად არ მიიჩნიეს. ამასაც სტუდენტების სერიოზული პროტესტი მოჰყვა.


ასეთი სიტუაციაა ახლა ილიაუნში. უნივერსიტეტი, რომელსაც ლიბერალურ ღირებულებებზე ჰქონდა პრეტენზია, ამ ეტაპზე დისკრიმინაციისა და დევნის საშუალებად იქცა.


ამის სანაცვლოდ ხშირად გვესმის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ილიაუნში ლექციებს კითხულობენ, ძირითადად პოლიტიკური პროპაგანდით არიან დაკავებულები. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის" პროპაგანდა იგულისხმება. ამას ფაქტებით ვერ დავადასტურებ, რადგან არ მინდა, სტუდენტებს საშიშროება შევუქმნა, თუმცა ვიცი, რომ იყო შემთხვევები, როცა სტუდენტებს ამ პროპაგანდაში ჩართვა აიძულეს, რათა მათ შეფასება მიეღოთ.


-ამჟამად ილიას უნივერსიტეტში ლექციებს აღარ კითხულობთ?


-მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ჩემს მიმართ პოლიტიკურ დევნაში დავადანაშაულე, მათ განაცხადეს, რომ ჩემს გათავისუფლებას და ხელშეკრულების გაწყვეტას სულაც არ აპირებდნენ და რომ ჩვეულებრივ, მათი თანამშრომელი ვიყავი. თუმცა ჩემი საგნები სხვა ლექტორებზე გადაანაწილეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ იდგა.


გასათავისუფლებლად არგუმენტი ვერ იპოვეს, რადგან ჩემს საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი და ეს ყველაფრიდან ჩანდა - თითქმის არასოდეს ვაცდენდი ლექციებს და სტუდენტების გამოკითხვებშიც ვლიდერობდი. მიუხედავად ამისა, ამ სემესტრში მე უკვე აღარანაირი შეთავაზება არ მაქვს, ხელშეკრულებაც აღარ არსებობს. 9-წლიანი მუშაობის შემდეგ იქ ლექციებსაც აღარ ვკითხულობ.


ადმინისტრაცია ამბობს, რომ პოლიტიკურ დევნას არ ახორციელებენ და რომ მათთან მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ამ ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ის ადამიანები საზოგადოებრივი აქტივობით არ გამოირჩევიან.


ამ ყველაფრის გაპროტესტებას სტუდენტები აპირებდნენ, მაგრამ გავაჩერე, რადგან არ მინდოდა, პრობლემები შექმნოდათ. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ უნივერსიტეტმა დაკარგა ყველაფერი, რითიც ამაყობდა. დაიკარგა ის ლიბერალური გარემო, რომელიც იქ იყო. იგი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი იყო. მის შექმნაზე ბევრმა იმუშავა და ახლა პროპაგანდისტულ ნაღმადაა ქცეული.



თაკო მათეშვილი






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner