საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის 26-ე სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრის აღსაზრდელებს მიულოცეს.
პრეზიდენტებმა და პირველმა ლედიმ ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები და თიხის ნაკეთობები დაათვალიერეს და იმ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, რომელითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სარგებლობენ.
პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ სკოლის აღსაზრდელებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და მასწავლებლებს მათზე ზრუნვისათვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენი მომავლის დღე, ანუ ბავშვების დღე. აქ, ინკლუზიურ სკოლაში, მე ვნახე, ბავშვები როგორ მუშაობენ ერთად. ვნახე ის არაჩვეულებრივი გარემო, რომელშიც ისინი იმყოფებიან.
აქ ყველაფერი მათთვის ისეა მოწყობილი, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რათა ისინი იყვნენ ერთად, ერთმანეთისგან ისწავლონ და ერთმანეთს მისცენ მაქსიმალურად პოზიტიური ენერგია.
აქ არიან მასწავლებელები, რომლებიც ძალიან კარგად და სწორად ზრუნავენ ბავშვებზე, ასე რომ, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ ასე შეუძლიათ ბავშვებზე ზრუნვა, ისინი ჩვენი მომავალია", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები ბათუმში, ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.