პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრობს.
თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება NATO-ს ვარშავის სამიტამდე შავი ზღვის რეგიონზეა მიმართული, სადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროცესები ხდება და საქართველო მთავარ როლს თუ არ შეასრულებს, მინიმუმ აქტიურად მაინც უნდა იყოს ჩართული.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს და მის პარტნიორებს ამ ისტორიულ მომენტში განსაკუთრებით სჭირდებათ ერთმანეთი. NATO-ში შეშფოთებულები არიან შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით, საუბრობენ კოორდინაციის გაძლიერებაზე, განიხილავენ შავი ზღვის ფლოტის შექმნას საქართველოს და უკრაინის ჩართულობით.
თედო ჯაფარიძე საუბრობს იმაზე, თუ რატომ აირჩია საქართველომ NATO და არსებობს თუ არა ალტერნატივა?
„ჩვენი ურთიერთობა დაიწყო 1994 წელს „პარტნიორობა მშვიდობისთვის" პროგრამით. პირველად ალიანსში გაწევრიანების სურვილი მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 1997 წელს განაცხადა „2005 წელს საქართველო ნატო-ს კარს მიუკაკუნებს". დაიწყო საქართველოს მოსახლეობის ისტორიული მისწრაფებების რეალიზაცია, გაიზარდა თაობების სურვილი პროგრესისკენ, დასავლური ცივილიზაციის, დემოკრატიული იდეალებისა და ღირებულებებისკენ. ყოველივე ამის შემდეგ, NATO ჩვენთვის - არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ეს არის დემოკრატიული ერების პოლიტიკური კლუბი. ინტეგრაციის პროცესი უსასრულოდ სასარგებლოა ქვეყნისთვის, რომელსაც ყველაზე მაღალი სტანდარტით სურს რეფორმირება და მოდერნიზება, გახდეს ინსტიტუციური დემოკრატი",- აცხადებს ჯაფარიძე.
ის აქვე საუბრობს NATO-ს ალტერნატივაზე, თუ „რას გვთავაზობს ჩვენ სხვა „მოთამაშე" - რუსეთი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს?". ჯაფარიძე თავისივე შეკითხვებს პასუხობს, რომ კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, სრულ დისონანსშია ჩვენი ხალხის არჩევანთან.
„NATO-სთან ჩვენ ფასეულობათა თანხვედრა გვაქვს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ რიგი ევროპული ქვეყნები მჭიდროდ არიან რუსეთთან დაკავშირებულნი ისტორიულად, ეკონომიკურად, სავაჭრო ურთიერთობებით. ეს ყველაფერი NATO-საქართველოს ურთიერთობებზე აისახება. საქართველო რეალური პოლიტიკის მომხრეა და სწორედ ამიტომ აწარმოებს რუსეთთან მოლაპარაკებებს. ეს კონტაქტები მხარდაჭერილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ამასთან, არასდროს და არსად გადაგვიკვეთავს „წითელი ხაზი" - ჩვენ თავად ავარჩიოთ ჩვენი განვითარების ვექტორი. არასდროს შევწირავთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს. საქართველოში ასეთი საუბრებიც ისმის: „რად გვინდა NATO, მაინც არ მიგვიღებენ". პირველ რიგში, დადგება ისტორიული პერსპექტივის მომენტი და საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება NATO-ში. ღია კარის პოლიტიკა რეგულარულად პოულობს მხარდაჭერას. მეორეც, როგორც უკვე აღვნიშნე, თვითონ პროცესი - საქართველოში უმაღლესი სტანდარტების შემოტანა, ატარებს რეალურად საბედისწერო მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს უნიკალური შესაძლებლობაა ზრდისა და განვითარებისთვის და ჩვენ ეს ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ", - აცხადებს თედო ჯაფარიძე.
ნეიტრალიტეტზე საუბრისას კი ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ სამეზობლო პირობებში.
„არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე აშშ, ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, ირანი, რუსეთი ან თურქეთი, არსებულ პოლიტიკურ პირობებში ასეთი შეთანხმების მიღწევას შეძლებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს შეგნებული არჩევანი აქვს. ამასთან, NATO-ს წევრობის გზა და თვით წევრობა, არ ნიშნავს შიდა პოლიტიკური, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოგვარებას. ეს არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მეგობრების და პარტნიორების მხარდაჭერით საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჭირო და სასარგებლო ქვეყანა, ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო გავხდეთ", - აღნიშნავს თედო ჯაფარიძე.