ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს ზუგდიდიდან ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ, თუმცა ოკუპირებული გალიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეებს არ ატარებენ.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გადაადგილება ორმხრივად მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვინც „ენგურჰესზეა“ დასაქმებული ან ექიმის ცნობა აქვთ.
ადგილობრივებისთვის უცნობია, როდის მოიხსნება შეზღუდვა. მათთვის ასევე უცნობია ე.წ. საზღვრის გადაკეტვის მიზეზი.
ენგურის ხიდზე მიმოსვლა გუშინ საღამოს შეიზღუდა. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ეს ზომები საქართველოში, მათ შორის, ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო მიიღეს.