logo_geo
eng_logo
ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგს დაჩქარებული წესით განსახილველი საკითხები დაამატა
- +

28 ივნისი. 2019. 13:30

 

პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგს მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განსახილველი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად დაამატა.

 

კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის კონკრეტულ ნორმათა ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი, ვანო ზარდიაშვილი და მამუკა მდინარაძე.

 

ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ადა მარშანიამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, რაც პრობლემებს შეუქმნის აბიტურიენტებს   ეროვნულ გამოცდებზე.

 

„გუშინ საღამოს დაიკეტა ენგურზე გადასასვლელი და მიზეზად ასახელებენ იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რუსთაველის გამზირზე. ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი აბიტურიენტები ვერ გადმოდიან და იმ კვირიდან იწყება ეროვნული გამოცდები. იქნებ მივმართოთ თხოვნით განათლების სამინისტროს, რომ გაითვალისწინოს ეს ფაქტორი და აბიტურიენტებს მიეცეთ საშუალება ჩააბარონ გამოცდები“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დღის განმავლობაში განათლების სამინისტროსთან იქნება დამატებითი კომუნიკაცია.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სახელით დაავალა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტს. 

 

ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა,  რომ მომხდართან დაკავშირებით რეაგირება მოხდა მყისიერად.

 

„იმ ფორმატებში, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამაზე რეაგირება ხდება ამ მომენტშიც და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო არც საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით და არც საგარეო ასპარეზზე არ გახდება და არ უნდა გახდეს აგრესიული დღის წესრიგის მძევალი.

 

„ჩვენი არჩევანი, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით იყო პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, რა თქმა უნდა,  არანაირი კომპრომისი არ ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ  საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება და არ უნდა გახდეს არც საშინაო პოლიტიკაში და არც საგარეო პოლიტიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი განვითარებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი სექტორებისთვის, როგორიც არის ეკონომიკა და ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობა. იცით, რომ ძალიან ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური განვითარება, საქართველოს ევროპული მომავალი, საქართველო სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენს პარტნიორებთან იმაზე, თუ როგორ ეფექტურად შევძლებთ ჩვენ, რომ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შევინარჩუნოთ ყოველგვარი ეჭვების გარეშე. ამიტომ,  ყველას სულისკვეთებას, რომელიც აქეთკენ არის მიმართული ვიზიარებ და ყველას გთხოვთ, როგორც უმრავლესობის წევრებს,  ასევე პასუხისმგებლიან ოპოზიციასაც, რომ ამ დღის წესრიგს, რაც რეალურად პარტიების კონკრეტულ დღის წესრიგზე ბევრად მაღლა დგას და არის ეროვნული ინტერესების თემა, ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა. მისაღებია, რომ  პოლიტიკური ტემპერატურა და დებატები იყოს, მისაღებია აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჩვენი მოქალაქეებისთვის არ არის მისაღები, თუ ეს ყველაფერი უკვე გადადის იმაში, რომ საქართველო შეიძლება რომელიმე მომენტში ან რომელიმე პროცესში, იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა სექტორები, დაზარალდეს ამის შედეგად.

 

მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყველანი ვართ საერთო პოზიციაზე. დანარჩენი საკითხები, დანარჩენი ფორმატები და პოლიტიკური პროცესები არის გახსნილი და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიკამათოთ, ვიკამათოთ ხშირად მწვავედაც, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და ეს დემოკრატიისთვის გასაკვირი არ არის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner