ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს სასამართლოში მოსამართლე დავით მგელიაშვილი იხილავს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, საკმაოდ ტენდენციურად. დაზარალებული მხარის მიმართ იგი აგრესიულობით გამოირჩევა, ბრალდებულებს კი ყველაფრის უფლებას აძლევს.
ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა, რომელიც ამ საქმის განხილვას ესწრება, მოსამართლე მგელიაშვილის გამოტანილი გამამართლებელი განაჩენებს სია მოიძია.
ნინო მიქიაშვილი: მოსამართლე დავით მგელიაშვილის გამამართლებელი განაჩენები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბაჩო ახალაია ორჯერ გაამართლა, როლანდ ახალაია ერთხელ; გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა დავით კეზერაშვილს, გაგა მკურნალიძეს, გიორგი კალანდაძეს. გახმაურებული საქმეებიდან ამჟამად მოსამართლე მგელიაშვილი იხილავს: ბუტა რობაქიძის საქმეს და ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის საქმეს.
ამ სტატიაში წარმოდგენილი ფაქტები აღებული მაქვს საქართველოს მთავარი პროკურატურის, თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდებიდან. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების ჩამონათვალი ასეთია:
N1 გამამართლებელი განაჩენი - 2013 წლის 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე წარდგენილ ყველა ბრალდებაში გაამართლა: ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, გაგა მკურნალიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. საქმე ეხებოდა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროინდელ ეპიზოდს. ახალაიას ბრალი ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენაში, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით). აგრეთვე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის 2 ეპიზოდში, აქედან ერთი ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით (სსკ-ს 25-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ე" ქვეპუნქტებით), ხოლო მეორე -ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ (სსკ-ს 25-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით) და წამება, ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ (სსკ-ს 25-ე მუხლით და 144 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით). მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილება 2013 წლის 4 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო;
N2 გამამართლებელი განაჩენი - 2013 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პოლიციელების წამების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ბაჩო ახალაიას. მასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულები იყვნენ: შსს-ს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე; შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე; შსს-ს პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ვეკუა; თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - დავით გიორგაშვილი, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი და რობერტ სუთიძე.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ახალაიასთან ერთად ყველა მათგანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. საქმე ეხებოდა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლების: თეიმურაზ ფალავანდიშვილის, ზაზა ფანცქალაშვილის, მამუკა ჟვანიას, დავით ბაგრატაშვილის, მიხეილ ედიშერაშვილის, სამველ ბაზოიანის და არსენ მკრტუმიანის წამებას. ბაჩო ახალაიას წამების ორგანიზებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ედებოდა ბრალი. საქმე იმ პერიოდს ეხებოდა, როცა ბაჩო ახალაია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი (2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე). ახალაიას ბრალი წაყენებული ჰქონდა: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 144 (1)-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ, ე, ვ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 144 (3)-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ, ე, ვ ქვეპუნქტებით. 2014 წლის 17 აპრილს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსამართლე დავით მგელიაშვილის განაჩენი.
N3 გამამართლებელი განაჩენი - 2014 წლის 27 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სპირტის კოტრაბანდის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა დავით კეზერაშვილს. სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტის („ქრთამის აღება", 13 მილიონ დოლარამდე), სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა") წარდგენილ ბრალდებაში მოსამართლემ კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო მისი დის ქმარს - მეირ ჯანაშვილს, რომელიც ამავე საქმეზე იყო ბრალდებული, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს კონკრეტული საქმე ეხებოდა იმ პერიოდს, როცა კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის უფროსი იყო. მოსამართლე მგელიაშვილის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა;
N 4 გამამართლებელი განაჩენი - 2015 წლის 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა როლანდ ახალაია წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. ახალაიას ბრალი 2014 წლის 11 აპრილს 333-ე მუხლით წარედგინა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორად მუშაობის პერიოდს ეხებოდა. პროკურატურა ახალაიას 2009 წლის დეკემბერში ბრალდებულების ოჯახისთვის ერთ შემთხვევაში 150 000 ლარის უკანონოდ მოთხოვნაში, ხოლო მეორე შემთხვევაში 60 000 ლარის გადარიცხვაში ედავებოდა. 2016 წლის 29 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ყოფილი ხელისუფლების წევრებთან მიმართებაში მოსამართლე დავით მგელიაშვილს ერთადერთი გამამართლებელი განაჩენი აქვს გამოტანილი - 2014 წლის 20 ოქტომბერს გერონტი ალანიას და ვალერიან მეტრეველს 4 წლის და 6 თვის ვადით (ჯარიმა თითოეულს 2000 ლარი და ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით) თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გერონტი ალანია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი და კუდ-ის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი მოსამართლე მგელიაშვილმა დამნაშავედ ცნო 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „გ" და „ზ" ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და 144-ე მუხლის მესამე პრიმა ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება). ისინი გამართლდნენ 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარდგენილ ბრალდებაში. 2015 წლის 4 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (შორენა ყაველაშვილი, გიორგი მიროტაძე, გერონტი კახეთელიძე) უცვლელად დატოვა მოსამართლე მგელიაშვილის განაჩენი. ეს საქმე გირგვლიანის საქმესთან გაერთიანებული იყო, რაზეც ივანე მერაბიშვილიც გასამართლდა - მას მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სსკ-ის 332-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მეორე ნაწილით და 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლის მიხედვით სასჯელის საბოლოო ზომად განუსაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე საქმეზე გასამართლებულია ოლეგ მელნიკოვი.
ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილი იხილავს დეპუტატ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმისა და მისი ცემის საქმეს. ამ საქმეში ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი, სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად); ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ბრალად ედებათ სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა, სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელსაც მოსამართლე დავით მგელიაშვილი იხილავს, არის პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმე. ალექსანდრე გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე და დავით იაშვილი ბრალდებულები არიან სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); ზურაბ მიქაძე და ზაზა ბაქრაძე ბრალდებულები არიან 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით; ასევე 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით). ზურაბ მიქაძეს და ზაზა ბაქრაძეს ამასთან ერთად ბრალი ედებათ „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
ბრალდებულებიდან მხოლოდ ირაკლი ფირცხალავაა პატიმრობაში, მაგრამ სხვა საქმეზე (კორტების ე.წ. სპეცოპერაციაზე). დანარჩენი ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები და სასამართლო სხდომებზე თავ-თავიანთი სახლებიდან დადიან. ამჟამად სასამართლოში ბრალდების მოწმეების დაკითხვის ეტაპი მიმდინარეობს. ბოლო სხდომა 2016 წლის 30 მაისს გაიმართა.