„გიორგი გახარიას დღეს უყენებენ პრეტენზიას ისე, რომ ცდილობენ, იგნორირება გაუკეთონ მთავარ შეფასებას, რომ პოლიციას სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი ლეგიტიმური ძალის გამოყენებისა“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20-21 ივნისს მიმდინარე მოვლენებზე დასმულ კითხვას, თუ რატომ არ იღებს თავისი დაქვემდებარებულების შეცდომის გამო პასუხისმგებლობას გიორგი გახარია, მაშინ როცა ეს გააკეთა ირაკლი კობახიძემ და მსგავსი პასუხისმგებლობის გამო გადადგა.
პრემიერის თქმით, ის, რაც 20 ივნისის დილას მოხდა, იყო ძალიან მძიმე შეცდომა და არ უნდა მომხდარიყო.
„ის, რაც 20 ივნისს, დილით მოხდა, ეს რა თქმა უნდა, იყო ძალიან მძიმე შეცდომა, ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ ვიცით, მისი შედეგი რა იყო, რა გულწრფელი პროტესტი მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და ირაკლი კობახიძემ მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო დამთავრებული პროცესი. გიორგი გახარიას დღეს უყენებენ პრეტენზიას, თან ისე, რომ ცდილობენ, ამავე დროს იგნორირება გაუკეთონ მთავარ შეფასებას. მთავარი შეფასება გახლავთ ის, რომ პოლიციას სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი გარდა იმისა, რომ გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. პრეტენზიას უყენებენ იმ საკითხზე, რომელიც მოითხოვს დამატებით შესწავლას და გამოძიებას“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გიორგი გახარია არ არის იმ ფასეულობათა სისტემის მქონე ადამიანი, ვინც მინისტრის სკამს გამოეკიდება.
„ჩვენს გუნდში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანს, ვინც სკამს გამოეკიდება, მითუმეტეს, იმ ფასეულობათა სისტემის მქონე ადამიანი, როგორიც არის გიორგი და რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. წარმოიდგინეთ, რომ მომხდარიყო ის, რაც სურდათ ამ ავანტიურისტებს, ეს რა ქაოსში შეიყვანდა ქვეყანას. ჩვენ ხომ გავიარეთ ეს უახლეს ისტორიაში?!“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.