პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სუს-ის მხრიდან მისი ახლობლების დაშანტაჟების თაობაზე „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, რა თქმა უნდა, არის საფუძველი, რომ რეაგირება მოხდეს. მისივე თქმით, არმაზ ახვლედიანმა უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს იმისთვის, რომ მათ შესაბამისი ფაქტი გამოიძიონ.
„თუმცა, არაერთხელ მსმენია არაერთი ადამიანის მიერ საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადება, რომელიც შემდეგ არ დადასტურდა, შემდეგ ამ განცხადებებს თავად არ მიყვებიან ბოლომდე და ჰაერში ქრება ხოლმე ასეთი განცხადებები. ზოგჯერ შეიძლება ისინი პოლიტიკური თვალსაზრისითაც კეთდებოდეს. ყველაფერს სჭირდება დადასტურება, ფაქტები და მტკიცებულებები. ჰაერზე ყველამ შეიძლება ყველაფერი განაცხადოს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.