20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლისას დაშავებული ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ის მკურნალობას რეგიონალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც „რადიო თავისუფლებას“ უთხრა კლინიკის დირექტორმა ნათია ნუცუბუძემ, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„გაუმჯობესების დინამიკა არ არის, თუმცა, გაუარესებაც არ ფიქსირდება. ამ ეტაპზე, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა არ ფიქსირდება. მას თავის დაზიანება აქვს. პაციენტი ჩვენს კლინიკაში უკვე მართვითი სუნთქვით შემოიყვანეს. პირველადი, ნეიროქირურგიული ჩარევა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდა. იმედს ვიტოვებთ, რომ მისი მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდება, მაგრამ ამ ეტაპზე, ჯერ დინამიკაში გაუმჯობესება არ არის.
ჩვენი მხრიდან პაციენტის ახლობლებს არაფერი არ ეკრძალებათ. ერთადერთი, ჩვენ არ გავცემთ პაციენტის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, რადგან არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია. პაციენტების ახლობლები სარგებლობენ ნახვის საათებით. ყველა დაშავებულს ნახულობენ ახლობლები და ინფორმაციასაც სრულად გავცემთ. ერთადერთი, მხოლოდ სახელებსა და გვარებს არ ვასაჯაროებთ“, - განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.
„ევექსის“ კლინიკაში, ჯამში, სამი დაშავებული აგრძელებს მკურნალობას. მათგან ერთ-ერთი, უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას. ნათია ნუცუბიძის თქმით, მეორე პაციენტის მდგომარეობა, გაუმჯობესებულია და დღე-დღეზე მოიხსნება მართვითი სუნთქვის აპარატიდან.
20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას, 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა დაშავებულმა თვალი დაკარგა.