„20-21 ივნისის მოვლენებზე როდესაც დილეტანტებს აქვთ კითხვები, კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა ვაცადოთ ექსპერტებს, სპეციალისტებს, გამომძიებლებს“, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რატომ იყო გამოყენებული რეზინის ტყვიები დემონსტრანტების მიმართ და ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, აქციის დასაშლელად არავითარი ცხოველებზე სანადირო ტყვიები და ლეტალური იარაღი გამოყენებული არ ყოფილა.
„როდესაც დილეტანტებს აქვთ კითხვები კი,თხვებზე პასუხის გაცემა უნდა ვაცადოთ ექსპერტებს, სპეციალისტებს, გამომძიებლებს, მათ, ვინც იციან, თუ რა სახის სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული. მაქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რა აღჭურვილობა აქვს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს, რომელიც იგულისხმება აქციებზე რეაგირების და საპოლიციო ღონისძიებების დროს გამოყენებისთვის. შესაბამისად, არავითარი ცხოველებზე სანადირო ტყვიები, ლეტალური იარაღი და ა.შ. არ გვაქვს საუბარი. მათ არსენალში არის მხოლოდ ის საშუალებები, რომლის გამოყენების უფლებაც მათ აქვთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა მომხდარიყო ამა თუ იმ იარაღის გამოყენება, ამა თუ იმ ტყვიის გამოყენება, ამას აქვს თავისი გამოყენების წესები, სროლის მანძილი და სწორედ ეს არის ექსპერტების, გამომძიებლების და არა დილეტანტების გამოძიების საკითხი. ცეცხლი არ იყო გახსნილი; არც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ყოფილა არავითარი ცეცხლი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.