„მინდოდა, იმ ღამესვე დაეკავებინათ ყველა, ვინც მონაწილეობდა იმ პროვოკაციაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველო შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილმა 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა ძალიან საშიშ ორგანიზაციად, ეს არის რადიკალური, ტერორიზმისკენ გადახრილი ორგანიზაცია ძალიან საშიში გამოვლინებებით.
„ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა ძალიან საშიშ ორგანიზაციად, ეს არის რადიკალური, ტერორიზმისკენ გადახრილი ორგანიზაცია ძალიან საშიში გამოვლინებებით. სახელმწიფო ვერ და არ დაუშვებდა ვერანაირ პრეცედენტს. ყველა ის პირი, ვინც ამ ძალიან საშიშ პროვოკაციაში მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი, მე ამის მომხრე ვარ, მე მომხრე ვიყავი და ვარ, იმავე ღამეს მომხდარიყო ყველას დაკავება, ვინც მონაწილეობდა იმ ბინძურ პროვოკაციაში, მათ შორის, იმ აგრესიული 200 თუ 300 ადამიანის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა:
„მაგიტომაც უყვარხარ მთელ ქვეყანას… გაგახსენებთ, მეგობრებო, რომ ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დაიჭირეს მართლაც რომ პირსისხლიანი ვანო მერაბიშვილი და რომ არა ირაკლი ღარიბაშვილის მკაცრი რადიკალური გადაწყვეტილება, კიდევ ბევრი „ნაციონალი“ არ იჯდებოდა დღეს ციხეში“, - წერს გამრეკელი.