logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: უნდა გაუქმდეს მუხლი, რომელიც მოსამართლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილ 3-თვიან შეზღუდვას აწესებს
- +

1 ივნისი. 2016. 16:33


პრეზიდენტი პარლამენტს იმ ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება, ახალი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება.  ამის შესახებ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გადაგზავნულ „მოტივირებულ შენიშვნებშია" აღნიშნული.


პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ნორმა კონსტიტუციის იმ ჩანაწერს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადა 10 წელია და შესაბამისად, ის უნდა გაუქმდეს.


უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა გულისხმობს მოსამართლისათვის თავისი კონსტიტუციური ფუნქციის მითითებული ვადის განმავლობაში სრულად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რაიმე პირდაპირ ან ირიბ შესაძლებლობას, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მოხდეს მოსამართლის უფლებამოსილების სრულად განხორციელების შეზღუდვა. პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებით ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტის (საკონსტიტუციო სასამართლო), ერთი და იმავე სტატუსის მქონე და ერთი და იმავე ვადით დანიშნული მოსამართლეები დროის კონკრეტულ მოცემულობაში განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ექცევიან. კერძოდ, მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება, აღარ ექნება ახალი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომელთაც უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩათ სამი თვე, ვერ მიიღებენ მონაწილეობას პლენუმის მიერ ახალ საქმეთა არსებითად განხილვაში, რაც პლენუმის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობას გამოიწვევს", - წერია პრეზიდენტის „მოტივირებულ შენიშვნებში".

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები და შესაბამისი ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.


ის დღეს ბიუროს წარედგინა და განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა. სასესიო განხილვა მიმდინარე კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში იგეგმება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner