„არ ვფიქრობთ, რომ ლარს რაიმე ემუქრებოდეს გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსზე ზემოქმედების ფაქტორები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს, კონკრეტულად, ეს არის მაკროეკონომიკური და მოლოდინების ჯგუფები. მინისტრის ინფორმაციით, მაკროეკონომიკური პარამეტრი არ აჩვენებდა, რომ ლარი გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურდება.
„მაკროეკონომიკასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სულ ახლახან გამოქვეყნდა მაისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგები. ეს არის 4, 7% მშპ-ს ზრდა, მათ შორის საშუალო თვიური ზრდა ამ ხუთ თვეში გამოდის 4,9%, საკმაოდ მაღალი. ანუ დღემდე რაიმე ნიშანი იმისა, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორი არსებობს, რაც გააუფასურებს ლარს, არ არსებობს. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, არ ვართ დარწმუნებულები, რომ ივნისის და ივლისის მაჩვენებლები ეკონომიკური ზრდის, იგივე იქნება, თუმცა აქამდე ზრდა ძალიან მაღალია. რაიმე მაკროეკონომიკური პარამეტრი არ გვიჩვენებდა, რომ ლარი გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურდება. მეორე ჯგუფი ფაქტორების, ეს არის მოლოდინები. სწორედ მოლოდინებზე ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის სტაბილურობა ან სტაბილურობის არარსებობა. აქედან გამომდინარე, თუნდაც ის, რომ ტურიზმს შეექმნა საკმაოდ დიდ საფრთხე და გამოწვევა, ტურიზმი არის ერთ-ერთი დიდი და მსხვილი წყარო ვალუტის შემოდინების ქვეყანაში, ამანაც თავისი ნეგატიური ასახვა ჰპოვა მოლოდინებზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მოსახლეობა ხედვას, რომ მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ტურისტულ ინდუსტრიას გვერდში დაუდგეს, რითიც მოლოდინების განეიტრალებას ნაწილობრივ შეძლებენ.