იძულებით გადაადგილებული ოცი წარჩინებული მოსწავლე და პირველი გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლეები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. ახალგაზრდებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის იმიტირებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მოსწავლეებს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის ძირითად პრინციპები გააცნო და მათ სახელმწიფოსა და ბავშვთა ურთიერთობებზე ესაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში საშა გრაუმანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
იმიტირებულ საკომიტეტო სხდომაზე მოზარდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პარლამენტის წევრებისგან მოისმინეს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივით, მსგავსი ფორმატის ღონისძიება, მესამე წელია იმართება და უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. სხდომის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ და მათთვის პარლამენტში საექსკურსიო ტური მოეწყო.