logo_geo
eng_logo
არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ჩხუბის გამო N11 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
- +

29 ივნისი. 2019. 19:26

 

 

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 27 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

 

27 ივნისის ინციდენტის აღკვეთის მიუხედავად, 28 ივნისს გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება კვლავ მოხდა ორ თანამესაკნე მსჯავრდებულს, 2002 წელს დაბადებულ გ.თ.-სა და 2001 წელს დაბადებულ დ.ყ.-ს, შორის.

 

„ჩხუბის შედეგად მსჯავრდებული დ.ყ. N11 პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, ხოლო მსჯავრდებული გ.თ. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ამჟამად მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაციის დაგეგმვა ყბის მოტეხილობის გამო.

 

28 ივნისს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება მოცემულ საქმეზე.

 

ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ორივე საქმეზე, რომლის მიზანიც არა მხოლოდ მსჯავრდებულთა, არამედ თანამშრომელთა ქმედებების სისხლის სამართლის ჭრილში შეფასებაა.

 

28 ივნისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეთხოვა ნებართვა N11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გათავისუფლებაზე, კანონით დადგენილი წესით. 29 ივნისს, იუსტიციის მინისტრის მიერ გაიცა თანხმობა დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, - წერია უწყების განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner