logo_geo
eng_logo
რა მტკიცებულებები მიაწოდა გამოძიებას მელიას საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ
- +

1 ივლისი. 2019. 02:24

 

20 ივნისის მოვლენების კვალდაკვალ ჯგუფური ძალადობის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ნიკა მელიას გირაო შეუფარდეს. რა წერია მელიას ბრალდების დადგენილებაში და რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე უყვება.

 

საინფორმაციო სააგენტო ,,ესპერსონას“ ჟურნალისტი ნათია ბერიძე დეტალურად იხსენებს, როგორ აღმოჩნდა ოპოზიციის ლიდერების თათბირზე. ჟურნალისტმა ისიც მოისმინა, რა გეგმა ჰქონდათ პარლამენტის შენობის დაკავების შემდეგ.

 

ჩემს უკან გავიგე ხმა, რომ ოპოზიციის ლიდერები სათათბიროდ გავიდნენ და ხალხში ხმა რომ არ გაიპაროს, ამიტომ გათიშეს აპარატურა. მანამდე შეხლა-შემოხლისას ბეიჯი ჩამომაგლიჯეს და ამის გამო ვერ მიხვდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი.

 

გავიგე მათი საუბარი, რომ საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა გამოვაცხადოთ. ამ დროს ნიკა გვარამიაც მოვიდა და მეც უფრო ახლოს მივიწიე. იყო მოწოდება, რომ მოვაწყოთ საბოტაჟი. ხშირად მესმოდა საუბრები, რომ მეორე ვარდების რევოლუცია უნდა მოვაწყოთ და უკვე ფაქტი იყო, რომ ძალადობაზე მიდიოდა საუბარი“, – აცხადებს ნათია ბერიძე.

 

ნათია ბერიძემ გამოძიებას უამბო ისიც, რაც პირადად ნახა – როგორ ცდილობდნენ მომიტინგეები პარლამენტის შენობაში შეჭრას.

 

ძირითადად იქ იყო პარტიული აქტივი. იყვნენ ლიდერებიც – მელია, უგულავა, ვაშაძე. არ აძლევდნენ გამოსვლის საშუალებას ახალგაზრდებს, ვინც ამბობდა, რომ პოლიტიკური აქცია არ გვინდა. კიბეებზე ელაგათ არყის შუშის ბოთლები, ერთნაირი ბოთლები იყო, სავარაუდოდ დაურიგეს, იმიტომ რომ გამხნევებისთვის სჭირდებოდათ.

 

გაზის პირველი გასროლის შემდეგ შედარებით ნასვამ ხალხს ჩანაცვლებას სთავაზობდნენ, ენაცვლებოდნენ ერთმანეთს წინა ხაზზე. ვინც იღლებოდა, უკან მიდიოდა დასასვენებლად და დასალევად“, – ამბობს ჟურნალისტი.

 

მელიას მიერ მეგაფონით გაკეთებული განცხადება ერთადერთი არაა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში დევს. გენერალურმა პროკურატურამ ამოიღო მედიასაშუალებების ვიდეომასალები, ჩანაწერების სრული ვერსიაც, ის რაც სატელევიზიო ეთერებში არ მოხვდა. აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა გამოძიებას მობილურით გადაღებული მასალებიც მიაწოდეს, დაიკითხნენ თვითმხილველი მოწმეები.

 

საქმის პროკურორი არც უარყოფს და არც ადასტურებს ფაქტს, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ, სავარაუდოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა. არ არის გამორიცხული, საქმის განხილვისას გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში ფარული ჩანაწერებიც წარადგინოს.

 

საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ ნიკანორ მელიას მოწოდებები ატარებდა არა მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს, არამედ შემდგომ უკვე მეგაფონით საუბარს მიღმა, ძალადობრივი გზით, ნებისმიერი საშუალებით შესულიყვნენ პარლამენტში და დაეკავებინათ ეს შენობა. შესაბამისად, მელიას ბრალდება არ ეფუძნება მხოლოდ იმ საჯარო განცხადებას, სადაც საუბარია მშვიდობიანად ხელებაწეულ შესვლაზე. საუბარია სხვადასხმვა მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე, ვიდეომასალებზე, რაც ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მელიამ ჩაიდინა ეს დანაშაული.

 

მელიას ამგვარი მოწოდება არ დასრულებულა მხოლოდ მოწოდებით, შემდგომში, როგორც დასტურდება, ის ყველა საშუალებით ცდილობდა გაერღვია პოლიციის კორდონი, რაც შემდგომ ვიდეომასალაშიც არის ასახული. რომ შევაჯამოთ, მელიას მოწოდება გაგრძელდა მისი  დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, რასაც თან ახლდა არა მხოლოდ ძალადობრივი მოწოდება, არამედ ამ ქმედებებში უშუალო მონაწილეობა“, – ამბობს პროკურორი ამირან გულუაშვილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების სტანდარტი სასამართლომ შეაფასა და აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა, ნიკა მელიას ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. გიორგი კონდახიშვილი პოლიტიკოსის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს და არც თვითმხილველი მოწმეების სჯერა.

 

აქციების, პოლიტიკური მოწოდებების, პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებისა და სასამართლოს მიმართ ოპოზიციის უნდობლობის პარალელურად, მოსამართლემ ნიკა მელიას არა პროკურატურის მოთხოვნილი წინასწარი პატიმრობა, არამედ გირაო შეუფარდა.

 

ახლა ბრალდებამ სააპელაციო სასამართლოში უნდა ამტკიცოს, რატომ არის აუცილებელი მელიას წინასწარი პატიმრობა. პირველმა ინსტანციამ ბრალდების არგუმენტები გაიზიარა, თუმცა გადაწყვიტა, რომ მოთხოვნა გირაოთიც იქნებოდა უზრუნველყოფილი.

 

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, დაცვის მხარე კი 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner