ავტორი თამუნა პეტრიაშვილი
მომღერალი ელენე ფოჩხუა საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციამ, სხვებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაჩაგრა, ერთი წლის წინ სრულიად შემთხვევით გაწევრიანებულ მომღერალს კომპანიისგან, რომელიც ვითომ მის უფლებებს იცავდა და ჰონორარს უგროვებდა, ერთი თეთრიც არ მიუღია.
ელენე ფოჩხუა: არასდროს არავის დაურეკავს ჩემთვის, გაწევრიანება არ შემოუთავაზებიათ. ერთი წლის წინ სრულიად შემთხვევით, კონცერტი ტარდებოდა და ორგანიზატორმა მომთხოვა ცნობა, რომ ვიყავი გაწევრიანებული საავტორო უფლებების ასოციაციაში, ისე ჰონორარს ვერ გადამიხდიდნენ. მივედი. ჩემი ნება-სურვილით გავწევრიანდი საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია „GCA“, ეს იყო და ეს, არც სიმღერების კატალოგი უთხოვიათ, არც ანგარიშის ნომერი. მეც ჩავთვალე, რომ ასე იყო საჭირო. ერთ დღესაც საუბარი ჩამოვარდა საავტორო უფლებებზე და ჩემმა მეგობარმა სოფო ბედიამ მითხრა, რომ ჩვენს დუეტზე, რომელიც აქტიურად ტრიალებს რადიოში, ერიცხებოდა რაღაც გარკვეული თანხა. გამიკვირდა, თუმცა, აღარ ჩავძიებივარ, არ მაქვს დრო და ნერვები, რაღაც კაპიკებს ვდიო.
სულ ცოტახნის წინ ბაზარზე გამოჩნდა ალტერნატიული კომპანია „GERA“, რომელმაც შემომთავაზა თანამშრომლობა და სიამოვნებით დავთანხმდი, რადგანაც მომეწონა პირობები. გამჭვირვალე კომპანიაა, აპარატურით აღჭურვილი, ვიცი, რომ მობილურში ესემესის საშუალებით მომივა ინფორმაცია ჩარიცხულ თანხაზე. თუ სადმე ჩემი სიმღერა გაჟღერდება, ანაზღაურება მოხდება თვეში ერთხელ. ზოგადად მე მომხრე ვარ ყველა ახალი წამოწყების, კარგი საქმის კეთებას მივესალმები.
- თქვენი პრეტენზია არ დაგიფიქსირებიათ?
- არა, სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, ვისთვის უნდა მიმემართა. შემთხვევით აღმოვჩნდი მაგ გაუგებრობაში.
- „არა ინტელექტის ოკუპაციას“ - ესაა სლოგანი, რომლითაც კობალაძის კომპანია დაუპირისპირდა „GERA“-ს. ვიდეორგოლში მონაწილეობის მიღება თუ შემოგთავაზეს?
- არა, არც მსმენია მსგავსი, ხომ გეუბნებით, არც მე მქონდა მაგ კომპანიისგან მოლოდინები და არც თვითონ მთვლიდნენ ალბათ წევრად. ზოგადად ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია, გვტკივა და გვაწუხებს ეს საკითხი, მაგრამ ინტელექტის ოკუპაციაა? ასეთი ფორმულირება, არა მგონია, გამართლებული იყოს, მითუმეტეს, როდესაც ახალ კომპანიას უპირისპირდები ასეთი სახით. მათ ადგილას ჯერ გავარკვევდი, რა როგორ, რანაირად არის და მერე დავიწყებდი ომს.
- რა იმედები გაქვთ ახალ კომპანიასთან?
- მე ვერ გავავლებ პარალელს „GCA“-სა და „GERA“-ს შორის, რადგანაც „GERA“ არის პირველი საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია, რომელთანაც მაქვს საქმიანი ურთიერთობა, იმედი მაქვს მათი პროფესიონალიზმის და შესაბამისად, მუშაობის ხარისხიც იქნება მაღალი.