logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: აქციებს უძღვება მიშა მშვილდაძე, ვინ არის ის?! იუმორისტი?
- +

2 ივლისი. 2019. 11:35

 

„ვინ არის მიშა მშვილდაძე?! იუმორისტი? - უკრაინაშიც ეგონათ ზელენსკი იუმორისტი და ყველამ ნახა, რომ თავიდან ბოლომდე ყოფილა პოლიტიკაში ჩართული“, - ეს შეფასება „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.

 

მისივე თქმით, აქციები, რომელიც რუსთაველზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს, მართულია.

 

„ვინ უძღვება აქციებს, ყველა ხედავს. მიშა მშვილდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია. საზოგადოების მოტყუება, რომ ეს აქციები მართული არ არის ან აქციის ჩატარებით პარტიები დაინტერესებულები არ არიან, მე არ მჯერა. ვინ არის მიშა მშვილდაძე?! იუმორისტი? - უკრაინაშიც ეგონათ ზელენსკი იუმორისტი და ყველამ ნახა, რომ თავიდან ბოლომდე ყოფილა პოლიტიკაში ჩართული. მიშა მშვილდაძე არ გახლავთ იუმორისტი, ის „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი აპოლოგეტია“, - დასძინა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ყოფილ დეპუტატს არ აქვს კონკრეტული პასუხი, უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან გიორგი გახარია.

 

„ობიექტური შეფასებების დრო ჯერ არ დამდგარა. აქედან გამომდინარე, მე შევიკავებ თავს კონკრეტული კომენტარისგან“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

 

ყოფილი დეპუტატი ფიქრობს, რომ დრო არც მომხდარის შეფასებისთვის დამდგარა და ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საზოგადოებაში ემოციური ფონი გადაივლის. რაც შეხება კითხვას მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით და იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში 2020 წლის არჩევნებისთვის, ზაქარია ქუცნაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:

 

„მე ვამბობ, რომ ჯერ ობიექტური შეფასებებისთვის დრო არ დამდგარა და თქვენ უკვე წელიწადნახევრით წინ გადახვედით, თუმცა, მე, როგორც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ვრჩები მის რიგებში“, - დასძინა მან.

 

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დაახლოებით ორი კვირის წინ, საქართველოში რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner