„ძალიან ბევრი წლის შემდგომ, შედგა პრეცედენტი, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია რაღაცაზე შევთანხმდით“, - განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ტელეკომპანია „იმედის“ ტოქშოუში „პირისპირ“.
მისი თქმით, რეალურად პირველად ხდება პოლიტიკურ სივრცეში, როდესაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია.
„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ, როგორც ყველა დასავლური დემოკრატიის ქვეყანაში, ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა კონსტიტუცია, საარჩევნო მოწყობა, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ კონსენსუსით. ქვეყნის მიმდინარე მართვის საკითხებს, ვის დანიშნავენ ინფრასტრუქტურის მინისტრად, მთავრობა ჩვენ არ შეგვითანხმებს. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ასეთივე წესით მივიღოთ საარჩევნო კოდექსი, ასეთივე წესით გადავწყვიტოთ კრიზისი, რომელიც შექმნილია სასამართლო სისტემაში. ეს იქნება ისტორიული ნახტომი. ჩვენ ამოვხტებით უზბეკეთისა და თურქმენეთის კალათიდან და ჩავჯდებით, სადაც არიან ესტონელები და ლიეტუველები. თუ ეს მართლაც მოხერხდა, რაც დღეს დავიწყეთ, ეს, ალბათ, ერთწლიანი ციკლი იქნება, რომ წრედი შეიკრას, ეს იქნება ისტორიული გარღვევა საქართველოსთვის“, - განაცხადა კახა კუკავამ.
მისი თქმით, პოლიტიკური ველის გახსნის პირველი ნიშნები ჩანს, თუმცა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
„პოლიტიკური ველის გახსნა არის ის, რომ მედიამ პოლიტიკური სუბიექტები თანაბარ სასტარტო პირობებში ჩააყენოს, დაფინანსება მარტო ორ პარტიაზე არ ნაწილდებოდეს და ა.შ. იმედი მაქვს, ერთი წლის მანძილზე ყველა გავაცნობიერებთ, რომ, რაც უფრო მეტად იქნება ველი გახსნილი, მით უფრო დაცული ვიქნებით იმ ტიპის კრიზისისგან, რაც ჩვენ 20 ივნისს მივიღეთ რუსთაველის გამზირზე. ეს იყო დაკეტილი ველის შედეგად მიღებული“, - განაცხადა კუკავამ.