logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლომ დამატებითი კონტროლისთვის ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაუწესა
- +

2 ივლისი. 2019. 13:13

 

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას ადვოკატის საჩივარი, რომლითაც დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდა და დამატებითი კონტროლისთვის  ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაუწესა.

 

ასევე არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საჩივარი, რომლითაც პროკურატურა ნიკა მელიასათვის პატიმრობას ითხოვდა.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ   ნიკა მელიას  აქვს შესაძლებლობა,  გავლენა მოახდინოს პოტენციურ მოწმეებზე,  რომლებიც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ და ფლობენ ინფორმაციას ნიკა მელიას  მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე.

 

„გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულს ბრალი ედება მასზედ, რომ შეეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად.

 

შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მოახდენს ზეგავლენას, შევა მათთან ფარულ გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება. პოტენციურ მოწმეთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე და ფლობენ ინფორმაციას მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, არიან მისი მხარდამჭერებიც.

 

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულს აქვს მჭიდრო კომუნიკაცია, რაც გაუადვილებს მათთან ფარულ გარიგებაში შესვლას და მათ დაყოლიებას, არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება, აღნიშნული ქმედებით, ნიკანორ მელია ხელს შეუშლის გამოძიებას და ჩაიდენს ახალ დანაშაულს“,- განაცხადა საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

 

დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე  ნიკა მელიას მიერ  მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა გამორიცხა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner