logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოეწონა პროპორციულ სისტემაზე ჩვენი დათანხმება
- +

2 ივლისი. 2019. 13:14

 

„იმედი მაქვს, კეთილგონიერება აღმოაჩნდება ოპოზიციის ნაწილს მაინც და მხარს დაუჭერს ამ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას, რომლიც მათივე მოთხოვნა იყო“, - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

 

მისი თქმით, საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ აქვს საქართველოს პარლამენტში, ხოლო კონსტიტუციის შეცვლას სჭირდება პარლამენტის წევრების ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობა.

„ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ხდება უმრავლესობის წევრების მობილიზება, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სრული მხარდაჭერა ჰქონდეს. იმ კანონპროექტს, რომელიც არის წარდგენილი, პარლამენტის 100 წევრი უკვე აწერს ხელს, ანუ 100 წევრი უმრავლესობიდან არის არა მხოლოდ მხარდამჭერი, არამედ ინიციატორი, ავტორი ამ ცვლილების და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მას მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.

 

ჩვენ არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს, უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების, ანუ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ხმის მიცემა და მხარის დაჭერა ამ ცვლილებისთვის არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, იქცეს კანონად.

 

იმედი მაქვს, რომ ასეც მოიქცევიან ჩვენი ოპოზიციის წევრები. მათი მოთხოვნა იყო ამ ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში და საარჩევნო სისტემაში და ეს ძალიან დიდი ცვლილებებია, რომლებიც აბსოლუტურად ცვლის ქვეყანაში პოლიტიკურ რეალობას. ამას დიდხანს ითხოვდნენ და როგორც კი ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ შეგვეტანა კანონმდებლობაში, ოპოზიციის ზოგიერთი წევრი საკმაოდ უცნაურად მოიქცა. თუმცა მე მაქვს იმედი, რომ კეთილგონიერება აღმოაჩნდება ოპოზიციის ნაწილს მაინც იმისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას, რომლიც მათივე მოთხოვნა იყო, მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მისვე თქმით, ერთი მხრივ, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ითხოვს კონსულტაციებში ჩართვას და როდესაც კონსულტაციებზე დაუძახებ, არ მოდიან შეხვედრაზე. იგივე მოხდა, როდესაც საარჩევნო ჯგუფი შევადგინეთ - მოვიდა ოპოზიცია, დატოვა შეხვედრა და თქვა, რომ აღარ მიიღებდა მონაწილეობას.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია გასაგებია, მათ ძალიან არ მოეწონათ პროპორციულ სისტემაზე ჩვენი დათანხმება, იმიტომ, რომ როგორც კი ეს თანხმობა გამოვთქვით, თქვენ გახსოვთ მათი ლიდერის რეაქციები: ის ამბობდა, რომ ეს მიუღებელია, დაუშვებელია და ა.შ. მაშინვე მათი მოთხოვნა შეიცვალა და მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ძველი წესით. ანუ დაუყოვნებლივ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ნიშნავს შერეული სისტემით ჩატარებას.

 

ჩვენ თვეები გვჭირდება იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს და ეს წლის ბოლომდე ვერ მოხდება და ისინი კი, დაუყოვნებლივ ითხოვდნენ ძველი წესით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. თავად განსაჯეთ, რას ნიშნავს ეს? რა პოლიტიკური თანმიმდევრობაა? ან საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ჩემთვის ამ პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ მათ არ უნდათ არჩევნების გზით და ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრებით ცვლილებების მოხდენა, მათ უნდათ ეს რევოლუციური გადატრიალების და მსგავსი გზებით, რაც ჩვენ ვიხილეთ კიდევაც 20 რიცხვში პარლამენტზე შტურმის სახით“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

 

ვიცე-სპიკერის თქმით, ბუნებრივი ბარიერი უზრუნველყოფს ყველაზე ზუსტ ასახვას არჩევნებში მიღებული ხმების და პარლამენტში მიღებული მანდატების.

 

„რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მე ვფიქრობ, რომ მათ უფრო აქვთ მზაობა. უფრო სწორია, გამოვიყენოთ „ბუნებრივი ბარიერი“, რომელიც არის ჩვენს ვერსიაში შემოთავაზებული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ეს ბუნებრივი ბარიერი უზრუნველყოფს ყველაზე ზუსტ ასახვას არჩევნებში მიღებული ხმების და პარლამენტში მიღებული მანდატების, ანუ პროპორცია ყველაზე უკეთ არის წარმოდგენილი ამ პირობებში, ზუსტად აისახება პარლამენტში შესული პარტიების რაოდენობა იმ ხმებზე, როგორც მოსახლეობა გაანაწილებს თავის ხმებს და თავის მხარდაჭერას და შესაბამისად, ეს ბევრის მხრიდან, თითქმის ყველას მხრიდან, თუ არ მეშლება, იყო ცალსახად მისაღები და სწორი გადაწყვეტილება. ძალიან მიხარია, რომ, ორი პარტიის გარდა, ყველა ამ აზრზე იყო დღეს.

 

ჩემი მოლოდინი არის, რომ ჩვენ ქვეყანას რეალურად პირველად ექნება კოალიციური ხელისუფლება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner