„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მე მგონი, არ არის ადამიანი, რომელიც პროპორციულ სისტემას დღეს ნეგატიურად შეაფასებდა“, - ეს განცხადება პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„30 წელი დაგვჭირდა, რომ ეს პროპორციული სისტემა მიგვეღო და მივიღეთ ისე, რომ, ფაქტობრივად, არც მოველოდით და, შესაბამისად, გვინდა, რომ ეს პროცესი, რომელიც ახლა დაიწყება საკონსტიტუციო განხილვის, მათ შორის ისეთი საკითხები გავარჩიოთ, როგორიც არის, მაგალითად, 2024 წელს რატომ უნდა შეიცვალოს ეს სისტემა, არის თუ არა, მაგალითად, ასაკობრივი ბარიერი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მონაპოვარი არის იმ ახალგაზრდების მონაპოვარი და არა ჩვენი, პოლიტიკური პარტიების. შესაბამისად, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ამ ბენეფიტით სარგებლობის უფლება, რომელიც მათ მოიპოვეს და ჩვენი მეორე ინიციატივა ასეთია, რომ ამ მსჯელობის დროს შესაძლებლობა გვქონდეს, მომავალზეც, 2024-ზეც ვისაუბროთ“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, ის სისტემა, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ყოველთვის აძლევდა უპირატესობას მსხვილ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ან ხელისუფლებაში იყვნენ ან ხელისუფლების მთავარი ოპონენტები, შესაბამისად, ეს იგივეა, რაც ეკონომიკაში რეგულაციები.
„ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ სიღრმეში ეს სისტემა, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ყოველთვის აძლევდა უპირატესობას მსხვილ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ან ხელისუფლებაში იყვნენ ან ხელისუფლების მთავარი ოპონენტები, შესაბამისად, ეს იგივეა, რაც ეკონომიკაში რეგულაციები. ეკონომიკაში რეგულაციები დიდი კომპანიებისთვის ნიშნავს კონკურენტების მოცილებას, ანუ ბაზარზე შეღწევის ბარიერია აწეული ხომ, აქაც ბარიერი ჰქვია, ზუსტად იგივე ტერმინია და, შესაბამისად, იმ ხმებს, რომლებიც მსხვილ პარტიებს არ მიუღიათ, როგორც უშრომელ შემოსავალს, ისე იღებენ არჩევნების დასრულების შემდეგ და ეს პრაქტიკა, ბუნებრივია, ამ დიდ პარტიებს, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, იდეაში არ აწყობდათ არასდროს, ეს არის ამის მარტივი ეკონომიკური ახსნა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.