საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „რეპორტიორი“ ისტორიკოს ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა.
- ბატონო ედიშერ, როგორ შეაფასებდით საქართველოში უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებს?
- რაც 20-21 ივნისის ღამეს თბილისში მოხდა, ეს არის ერთი მთელის შემადგენელი ნაწილი, რომელმაც ქმედება დაიწყო ჯერ კიდევ 2018 წლის ღამის „ბასიანიდან“, გაიარა პრეზიდენტის არჩევნებზე, შემდეg პანკისზე, ზუგდიდის შუალედურ არჩევნებზე და დაგვირგვინდა თბილისის ზაფხულის ცხელი ღამით. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ყველა ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფი თუ შემოერთებული ე.წ. ერთკაციანი პოლიტიკური ძალები ყველანი ერთიანად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას მოხდენას სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით.
საბედნიეროდ, ჯერჯერობით ყველაფერი ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ დამთავრდა და ამაში უდიდესია დამსახურება იმ კაცის, რომლის სახელი და გვარია გიორგი გახარია და რომლის სახელის გაგონებაზეც ქართული სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგეებს აჟრიალებთ ჯერ კიდევ მოყოლებული „ბასიანიდან“.
- ვინ არიან ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების მოწინააღმდეგეები?
- ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დაწყებული 1991 წლიდან დღემდე პროფესიონალ სახელმწიფო გადამტრიალებლებად ჩამოყალიბდნენ. ამ დროის განმავლობაში ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში „დაოსტატდნენ“ ზოგი ბაბუები, ზოგნი შვილები და ზოგიც კიდევ შვილიშვილები. გამგები გაიგებს, რომელ პერსონებსაც ვგულისხმობ. ტყუილად არ უთქვამს ქართველ კაცს, „კვიცი გვარზე ხტისო“. ასე რომ, ეს ადამიანები იქაური თუ აქაური ფულის გამო მუდმივად ღალატობენ და წლებია ანგრევენ ქვეყანას, რომლის სახელიცაა საქართველო. სამწუხაროა ის, რომ ჯერჯერობით არცერთ მათგანს კანონის წინაშე პასუხი არ უგია. სწორედ ამის შედეგია ის თავგასულობა და აღვირახსნილი ქმედებანი, რომელსაც ეს სუბიექტები წლებია ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან.
- რას იტყოდით ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შესახებ?
- საქმე იმდენად ვიღაც გავრილოვში კი არაა, რამდენადაც იმ ქმედებებში, რომელიც ჩაიდინა, ჩემი აზრით, იმ ე.წ. ოპოზიციამ, რომელმაც თავისი გააზრებული, მოღალატეობრივი მოქმედებით ქვეყანა უპირველესად შეიყვანა ეკონომიკურ კოლაფსში. დარწმუნებული ვარ, ეს გაკეთდა სპეციალურად, მიზანდასახულად და ვიღაცის მეთვალყურეობით. ერთი ადგილიდან დირექტივამიღებულს ჰგავდა ყველაფერი ეს, რაც ამ უკანასკნელ დღეებში დატრიალდა დაწყებული ე. წ. ლგბტ-ს თემიდან, გაგრძელებული კომბლებით და დასრულებული „გავრილოვის ღამით“.
- რა იყო ამის მიზეზები?
- მარტო ემპირიული ანალიზი არ გვეგების, საჭიროა ღრმა ანალიზი იმისა, რამ შექმნა ასეთი სიტუაცია საქართველოში. ამისათვის უპირველესად ფართომასშტაბიანი საგამოძიებო სამუშაოებია ჩასატარებლი მტკიცებულებათა მოსაპვებლად, თორემ ისე, ერთი შეხედვით ყველაფერი ზედაპირზე დევს. რაღაცნაირად ქვეცნობიერში მჯერა, რომ გახარია და მისი თანამოაზრეები ამას გააკეთებენ.
ჩემი აზრით, ეს იყო წმინდა წყლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელშიც დამგეგმავი, წამყვანი და წარმმართველი როლი ეჭირათ ნაცებს, ე.წ. ევრონაცებს და მათ უცხოეთში მყოფ ბელადს. ვფიქრობ, რაც ვნახეთ, იქიდან აშკარაა, რომ არა ჩვენი სამართალდამცავების სიმტკიცე, მოვლენები, ჩემი ვერსიით, ასე განვითარდებოდა:
ოპერაცია „გავრილოვის“ ოსტატურად დაგეგმილი პროვოკაციის შემდეგ, რომელშიც, ვფიქრობ, უეჭველად მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელნს, სამართლიანად აღშფოთებულ მშვიდობიან მოქალაქეთა მიტინგის დაწყებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც მიტინგზე სიტყვით გამომსვლელთა მიერ გახურდებოდა ვნებათაღელვანი, პროტესტის ორგანიზატორები მოიყვანდნენ ე.წ. ნავარჯიშებ ყოფილ ზონდერებს, რომლებიც განახორცილებდნენ შეტევას სამართალდამცავებზე და შევარდებოდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მათ ელოდებოდნენ ე.წ. ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც შენობაში შეჭრილ მომიტინგეებთან ერთად გამოაცხადებდნენ, რომ დამხობილ იქნა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელის პარლამენტის თავმჯდომარის საკამზე დამსმელი ხელისუფლება (ეს სჭირდებოდათ ალბათ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური გავლენის მოსახდენად). და შემდეგ ხომ წარმოგიდგენიათ რაც მოხდებოდა თბილისსა და საქართველოში... წარმოდგენაც კი მიჭირს.
- როგორ შეაფასებდით პოლიციის ქმედებებს?
- პოლიციამ დაიცვა საქართველოს უპირველესი სახელმწიფო ინსტიტუტი და ეს მისი მოვალეობაა. ისმის კითხვა: სხვა რა უნდა მოემოქმედა? კი მაგრამ, არსებობს სადმე სახელმწიფო, სადაც საკანონმდებლო ორგანოზე შემტევებს წინ არ აღუდგებიან? პოლიციამ დაიწყო მოქმედება სავსებით ლეგიტიმურად. ქართველი ბრძენკაცის ნათქვამია: „მოქნეული და მოზომილი ვის უნახავსო“. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. თუმცა, სამართალდამცავებმა შეძლეს მთავარი ამოცანის შესრულება. მათ გადაარჩინეს ქართული სახელმწიფო და ააცილეს საქართველოს მოსახლეობას სამოქალაქო ომი.
ჩემი გადასახედიდან, ზოგიერთ შემთხვევებში პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, მაგრამ თუ გვინდა, მომავალში სამართლებრივი სახელმწიფო გვქონდეს, ყველაფერი სკრუპულოზურადაა გამოსაძიებელი და შემდეგ შესაბამისი ზომები გასატარებელი. მე აქვე დავამატებ, ვერ გამოვრიცხავ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ზოგიერთი წარმომადგენლის ვერც უკანონო ქმედებებს და ვერც საბოტაჟს.
- როგორ გესახებათ მოვლენათა შემდგომი განვითარება?
- ვფიქრობ, სახელმწიფო გაატარებს იმ ღონისძიებებს, რაც საჭიროა, ასეთ ვითარებაში გაატაროს, ანუ ქვეყნის ავის მოსურნე ძალებმა უნდა იგრძნონ, რომ საქართველოს სათავეში „ხელის-უფლებაა“ და უპირველესი ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის გადარჩენაა და მერე ყველა დანარჩენი.
და ბოლოს, იცით, რა მაწუხებს ყველაზე მეტად? ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყნის დამანგრეველი ძალას და მათ ხელისუფლებაში დაბრუნებით დაავადმყოფებულ ლიდერს, ხელისუფლებიდან წასვლის შვიდი წლის თავზეც ვერ გაუცნობიერებიათ, რომ მათი საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია. ეტყობა, არ იციან ამ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი პარტიის იდეოლოგიურმა მესვეურებმა ბერძნების მიერ მრავალი საუკუნის წინ ნათქვამი: „ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“.