საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.
„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ინიციატივის - „პროპორციული არჩევნები - 2020“ -ის თაობაზე კონსულტაციის დაწყებას. პოლიტიკური დიალოგი არის გზა შიდადეესკალაციისა და საზოგადოებრივი თანხმობისკენ“, - აცხადებს პრეზიდენტი.
პოლიტიკური დიალოგისკენ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებს 21 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა და ქვეყანაში ვითარების განსამუხტად, საკონსულტაციოდ და კონსენსუსის მისაღწევად, პირადი ჩართულობა შესთავაზა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პოლიტიკური დიალოგი საპარლამენტო სივრცეში მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია.
„ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც ძალაში რჩება საპრეზიდენტო პლატფორმის საკონსულტაციოდ გამოყენების შეთავაზება. შიდადეესკალაციის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს ქვეყნის ეკონომიკას და განსაკუთრებით, ამ პროცესებით გამოწვეული რყევების მიმართ მგრძნობიარე ბიზნეს სფეროებს. საქართველოს პრეზიდენტი პრიორიტეტულად მიიჩნევს ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებას. მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ საქართველოდან უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ საქართველოში, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, დაცულია ყველა ტურისტისა და სტუმრის უსაფრთხოება“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პრეზიდენტის პრესსპიკერი 28 ივნისს „ტვ პირველზე“ გასულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„28 ივნისს, „ტვ პირველზე“ ნინო ჟიჟილაშვილის, ვახო სანაიასა და დიანა ტრაპაიძის თოქ-შოუში, ჩემი პატივისცემა მათ, გავიდა საკმაოდ უხეში უზუსტობა - ავლაბრის რეზიდენცია არა ერთხელ ნახსენები იყო, როგორც პრეზიდენტის სასახლე. კიდევ ერთხელ განვმარტავ: პრეზიდენტის სასახლე 2018 წლის დეკემბრიდან განსაზღვრულია ათონელის 25 -ში მდებარე, ყოფილი ორბელიანების სასახლე, ის რეზიდენცია გახლავთ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე და მასთან საქართველოს პრეზიდენტს შეხება არ აქვს. და რაც მთავარია, თოქ-შოუს ერთ-ერთი წამყვანის მიერ ითქვა, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეას. საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა მოწვევა აღნიშნულ მიღებაზე, თუმცა მან უარი განაცხადა ამ მიღებაზე დასწრებაზე და მეტიც, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოეხმაურა და პოლიტიკური შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
კვირის ბოლოს კი, საქართველოს პრეზიდენტი აჭარას ეწვევა, ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება და დაესწრება საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას „ჯანსაღი ქალი ჯანსაღ სამყაროში“.