logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: მოვახდინეთ თვითმმართველობის კოდექსის კონსტიტუციასთან ჰარმონიზება
- +

2 ივლისი. 2019. 15:26

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საკომიტეტო განხილვების რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას.

 

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლებმა რამდენიმე კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს.

 

საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ“ (კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია), მესამე მოსმენით განსახილველად კომიტეტის თავმჯდომარემ, პროექტის ერთერთმა ინიციატორმა ზაზა გაბუნიამ წარადგინა.

 

„ჩვენ ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი თვალსაზრისით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოვიყვანეთ კონსტიტუციასთან თანხმობაში. ეს არის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის კანონპროექტი, რომელსაც წარმოგიდგენთ უცვლელი სახით, რადგან  მეორე მოსმენის შემდეგ, რამე სახის რედაქციული შენიშვნები მასთან დაკავშირებით არ ყოფილა“, - განცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს იმ ტექნიკურ და შინაარსობრივ ცვლილებებს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების სფეროში გაითვალისწინა კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ და რომელიც უნდა აისახოს საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციის რედაქციასთან.

 

კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს  საქართველოს პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გრიგოლ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

მომხსენებლის, პროექტის ერთერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის სულხან მახათაძის განცხადებით, კანონპროექტში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია დარღვევასთან შეუსაბამოდ მაღალი დონის სანქციის არსებობით. ხოლო კანონპროექტის მიღება და საჯარიმო სანქციისგან გათავისუფლება დადებით ზეგავლენას იქონიებს იმ კეთილსინდისიერ პირებზე, რომლებმაც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო გადააცილეს სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მშენებლობის ვადებს, თუმცა მოცემული მომენტისათვის აღნიშნული ხარვეზები სრულად აქვთ აღმოფხვრილი.

 

აღნიშნული ცვლილების შედეგად, ის პირები, რომლებიც შესაძლოა დაჯარიმდნენ განსახილველი კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდებიან საჯარიმო სანქციისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონის მიღების დროს მათ შესაბამისი ხარვეზი აღმოფხვრილი ექნებათ.

 

კომიტეტმა პირველი მოსმენით განსახილველად იმსჯელა  და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, გურამ მაჭარაშვილის, კარლო კოპალიანის სვეტლანა კუდბას, შოთა ხაბარელის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ .

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება“. კანონის ამ ნორმის საფუძველზე მუნიციპალიტეტების ორგანოებმა მიიღეს შესაბამისი ნორმატიული აქტები. მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ აღნიშნული ნორმატიული აქტების პრაქტიკაში დანერგვამ  თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნების ტენდენციების შესაბამისად, ცნების „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება)“ გაფართოების აუცილებლობა გამოავლინა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლში ტერმინის „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება)“ - „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია“ ტერმინით ჩანაცვლების მიზანშეწონილობა.

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ ინიციატივის  წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

კანონის პროექტის მიღების მიზეზია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება და შესაბამისად, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და მართვის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი დარეგულირების საჭიროება.

 

კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ჯავახეთის ზეგანის ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გლობალურად მოწყვლადი და ეროვნული მნიშვნელობის მქონე სახეობების, პოპულაციების დაცვის და მათი ჰაბიტატების დეგრადაციის აღკვეთის საჭიროებით.  კანონპროექტით, „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ხორციელდება შემდეგი ცვლილება, კერძოდ, კანონის მე-3 და მე-9 მუხლები ყალიბდება ახალი რედაქციით და დამატებით იქმნება სამი დაცული ტერიტორია: ფარავნის, საღამოს და აბულის ტბების აღკვეთილი.

 

კანონის პროექტის მიღების მიზანია აღნიშნული უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემის შესაბამისი დაცული ტერიტორიის სისტემის ფარგლებში მოქცევა, რათა შესაძლებელი იყოს მოკლევადიან პერიოდში, აღნიშნული ეკოსისტემის დაცვა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში - მისი გაუმჯობესება.

 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ სარატიფიკაციო დოკუმენტს ,,ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნით შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა) „ცვლილება ნომერი ოთხი“, რომელიც   არსებული საგრანტო თანხის 29 152 000 აშშ დოლარით გაზრდას ითვალისწინებს.

 

პროექტის „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ მიზანია ეკონომიკური მართვის და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები ექვსი მიმართულებით:

 

Ø  კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება

 

Ø  განათლება

 

Ø  ინფრასტრუქტურა

 

Ø  სოფლის მეურნეობა

 

Ø  კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა

 

Ø  გარემო

 

აღნიშნული ცვლილებით წარმოდგენილია პროექტის დასრულების თარიღის გაგრძელება 2025 წლის 30 სექტემბრამდე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner