პროკურატურის რეფორმის მეორე ფაზა 2015 წლის დეკემბრიდან პროკურატურის განვითარების 6 წლიან სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე მუშაობით დაიწყო.
საქართველოს მთავარი პროკურორის 2015-2016 წლების ანგარიშის მიხედვით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სტრატეგიის შემუშავების პროცესში პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების, რიგითი პროკურორების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა იყო.
პირველად პროკურატურის ისტორიაში, ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, სოციოლოგის დახმარებით, ჩატარდა თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა, რომელიც პროკურატურის განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო.
მომზადდა თანამშრომელთა დატვირთვის ანალიზი.
აშშ-ის საელჩოს მიერ მოწვეულმა ექსპერტმა 2016 წლის თებერვალში, ერთკვირიანი შეხვედრის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფს ცალკეული სტრატეგიული მიმართულებების შესახებ აშშ-ის პრაქტიკა გააცნო.
უახლოეს მომავალში სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს წარედგინებათ იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, რის შემდეგაც მისი წარდგენა მოხდება საპროკურორო საბჭოსთვის. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მათ გასაჯაროებამდე ექსპერტიზას აშშ-ის საელჩოს ექსპერტებთან გაივლის.
სტრატეგიული მიმართულებები პროკურატურის ძირეული რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების შემდეგ, სისტემის წინაშე მდგარ უმთავრეს ამოცანად გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იქცა.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, დაიწყო მუშაობა პროკურორთა თანამდებობაზე დანიშვნის, დისციპლინური პასუხისმგებლობის, გათავისუფლებისა და წახალისების (მათ შორის დაწინაურების) იმგვარი სისტემის შექმნაზე, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პირველ რიგში, რიგითი პროკურორის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და მენეჯერის მიერ სუბიექტური შეფასების ალბათობას გამორიცხავს.
დაიწყო მუშაობა შეფასების იმგვარ სისტემაზე, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, თითოეული პროკურორის საქმიანობის შეფასების შესაძლებლობას შექმნის, იქნება გამჭვირვალე და მინიმუმამდე დაიყვანს პროკურორთა სუბიექტური შეფასების რისკებს, საბოლოო ჯამში, კი თითოეული პროკურორის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
რეფორმის მეორე ფაზის მიზანს წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმის დახვეწა, რაც ეთიკის კოდექსის გადახედვას და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების მკაფიოდ გაწერას გულისხმობს.
დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმის დახვეწისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია - კოლეგიური ორგანო (პროკურორთა საკონსულტაციო საბჭო), რომელიც 2016 წლის 11 იანვარს მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით შეიქმნა.
აღნიშნული საბჭო პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და საპროკურორო საბჭოს წევრებისაგან არის დაკომპლექტებული და პროკურატურის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებთან ერთად, პროკურორთა წახალისების, დაწინაურებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს განიხილავს.
დღეის მდგომარეობით საკონსულტაციო საბჭოს 4 სხდომა გაიმართა, სადაც პროკურორთა დაწინაურების, წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების საკითხები გადაწყდა.
უკანასკნელ წლებში დაზარალებულთა ინტერესების დაცვა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა და ამ მიმართულებით მუშაობა 2016 წელსაც გაგრძელდა.
მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა სამსახურის გაძლიერების მიზნით. აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით 2016 წლის მარტში განხორციელდა პროკურორების და კოორდინატორების სასწავლო ვიზიტი აშშ-ი, სადაც ისინი გაეცნენ საერთაშორისო პრაქტიკას.
განხორციელდა კოორდინატორთა გადამზადება მათი არასრულწლოვანთა, ოჯახური ძალადობისა და ტრეფიკინგის საქმეებში ჩართვის მიზნით.
მოქალაქეებისთვის ეფექტური „სერვისის" მიწოდების მიზნით 2016 წელს შეიქმნა მოქალაქეებთან შეხვედრის ელექტრონული პროგრამა, რომელიც პროკურორთან აუდიენციის მსურველ მოქალაქეს შეხვედრის დროულად დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.
პროგრამა საწყის ეტაპზე რუსთავისა და მცხეთის რაიონულ პროკურატურებში ამოქმედდება და ეტაპობრივად ყველა სტრუქტურულ დანაყოფში დაინერგება.
2016 წლის 16 მაისს საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად აქტიურად დაიწყო მუშაობა ანალიტიკური მოდულისა და გამოძიების ელექტრონული პროგრამის დახვეწაზე.
უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისტემის გაუმჯობესებაზე და რეფორმის კონცეფციაზე მუშაობს. 2016 წლის სექტემბრიდან, შემუშავებული ამოცანის მიხედვით, გამოძიების ელექტრონული პროგრამისა და ანალიტიკური მოდულის რეფორმირება განხორციელდება, რაც სტატისტიკის სრულყოფილად, ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობას მოგვცემს.
ბოლო წლებში საჭირო გახდა ახალი სტანდარტების დამკვიდრება და ფაქტიურად რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკიდან რესტიტუციულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე გადასვლა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა, დაიკლო პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელმა როგორც არასრულწლოვნებში, ისე სრულწლოვნებში.
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ პროკურორები საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ განრიდების მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ასეულობით არასრულწლოვანს მიეცა ნასამართლობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა.
პროგრამის ამოქმედების პირველ, 2010 წელს, განრიდებული იქნა 2 არასრულწლოვანი, 2011 წელს - 81, 2012 წელს - 125, 2013 წელს - 331, 2014 წელს - 203, ხოლო 2015 წელს - 296 არასრულწლოვანი.
პროცენტულ ჭრილში, 2012 წელს განრიდებული იქნა დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების 25%; 2013 წელს - 51%; 2014 წელს - 40%; 2015 წელს - 44%.
პროგრამის წარმატებულობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მისი ამოქმედებიდან (2010 წლიდან) დღემდე განრიდებული არასრულწლოვნების მხოლოდ 8%-მა ჩაიდინა ახალი დანაშაული.
2016 წლის 4 თვეში განრიდებულია დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვათა 59%.
გატარებული ღონისძიებების და ეფექტური სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად, არამხოლოდ გაიზარდა განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა, არამედ არასრულწლოვნებში შემცირდა პატიმრობის მაჩვენებელი. 2009 წელს პატიმრობა გამოყენებული იქნა დევნადაწყებულ არასრულწლოვანთა 42.6%-ის მიმართ; 2010 წელს - 39.7%-ის მიმართ, 2011 წელს - 24.6%-ის მიმართ, 2012 წელს - 21.6%-ის მიმართ, 2013 წელს - 11.1%-ის მიმართ, 2014 წელს - 12.5%-ის, 2015 წელს კი მხოლოდ 9.4%-ის მიმართ. აღნიშნული მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ დაბალია.
გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება 2015-2016 წლებში პროკურატურამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ასამაღლებლად.
ამ მიზნით გაანალიზდა იძულებისა და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა, რომლის შედეგებიც, ამ მიმართულებით პროკურორთა გადამზადებას დაედო საფუძვლად.
პროკურორებისთვის მომზადდა რეკომენდაცია აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთების შესახებ.
სახელმძღვანელო, რომელიც შიდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც ასახავს, უზრუნველყოფს პროკურორთა შუამდგომლობების დასაბუთებულობას. ევროკავშირის და ევროსაბჭოს დახმარებით გადამზადდა 15 ტრენერი პროკურორი პატიმრობისა და დაკავების საერთაშორისო სტანდარტებში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით), განხორციელდა აღნიშნულ პროკურორთა სასწავლო ვიზიტი სტრასბურგში.
სახელმძღვანელო დაინერგა ტრენინგ მოდულებში, რომლის მიხედვითაც 2015 წელს გადამზადება საქართველოს მასშტაბით ყველა პროკურორმა გაიარა. პროკურორთა მასშტაბური გადამზადება 2015 წლის მაისში მენეჯერების გადამზადებით დაიწყო.
2015-2016 წლებში პროკურორებისთვის მომზადდა რეკომენდაციები ძალადობის (მათ შორის ოჯახში ძალადობის) გამოძიების, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, ტრეფიკინგის გამოძიების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამოყენების, მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის წესის შესახებ. რეკომენდაციები შეეხებოდა ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს.
ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ფინანსური დახმარებით შეიქმნა სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო პროკურორებისთვის. სახელმძღვანელო შეიცავს როგორც სამართლებრივი წერის ზოგად პრინციპებს, ისე ცალკეული საპროკურორო დოკუმენტების შედგენის წესს.
პრაქტიკოსი გამომძიებლებისა და პროკურორებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ შეიქმნა გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო, რომელიც ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მეთოდოლოგიას ასახავს.
მთავარი პროკურატურა მუდმივად ახორციელებს სასამართლო სხდომებისა და საპროკურორო დოკუმენტების მონიტორინგს, ამოწმებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმების კანონთან შესაბამისობას. ანგარიშის შედეგად ხორციელდება პროკურორთა გადამზადება ამა თუ იმ მიმართულებით და მზადდება რეკომენდაციები ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ხდება პროკურორთა წახალისება და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.