ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლისთან ახლოს მდებარე მიგრანტების ბანაკზე ავიადარტყმა მიიტანეს. „Arab News“-ის ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 80 დაშავდა.
მიგრანტთა ცენტრის წარმომადგენლების თქმით, იერიში ლიბიის ეროვნულმა არმიამ განახორციელა, რომელსაც ფელდმარშალი ხალიფ ხაფთარი ხელმძღვანელობს.
ხაფთარის არმიაში კი, ინფორმაციას უარყოფენ. ისინი, თავის მხრივ მომხდარში სამთავრობო ძალებს ადანაშაულებენ.
აღსანიშნავია, რომ 1 ივლისს ხაფთარის არმია ტრიპოლის მისამართით ავიადარტყმების მიყენებით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ „ომის ტრადიციული მეთოდები ამოიწურება“.
ლიბიაში 2011 წლიდან, მუამარ კადაფის ლიკვიდირებისა და მისი 40-წლიანი რეჟიმის დამხობის შემდეგ, ცენტრალიზებული მთავრობა არ არსებობს.
ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ ტობრუკთან ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი იკრიბება, რომელსაც მხარს ლიბიის ეროვნული არმია უჭერს. დასავლეთით, ტრიპოლიში კი, ეროვნული თანხმობის მთავრობაა ფორმირებული, რომელსაც ფეიზი სარაჯი ხელმძღვანელობს.
4 აპრილს ხალიფ ხაფთარმა ტრიპოლიზე თავდასხმა „ტერორისტებისგან გათავისუფლების მიზნით“ დაიწყო. მთავრობას დაქვემდებარებული ფორმირებებმა საპასუხო ოპერაციის დაწყებაზე განაცხადეს.